აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მოვითხოვთ ყულევის ტერმინალი შეიტანონ სანქციების მომავალ პაკეტებში, თუ საქართველოს ხელისუფლება და ტერმინალის ოპერატორები ევროკავშირის სანქციებს მკაცრად არ დაიცავენ” – ევროპარლამენტის ანგარიში 

საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში 40%-მდე შემცირდა, – ამის შესახებ ევროკავშირის ანგარიშშია აღნიშნული.

„[ევროპარლამენტი] წუხს, რომ კომისიის ვიცე-პრეზიდენტის/კავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებებთან და სანქციებთან დაკავშირებით საბჭოს გადაწყვეტილებებთან საქართველოს თანხვედრის დონე კიდევ უფრო, 2024 წლის 53%-დან 40%-მდე, შემცირდა. რაც აჩვენებს მისი ერთგულების ნაკლებობას ევროპული ინტეგრაციის მიმართ; ევროპარლამენტი განსაკუთრებით იმედგაცრუებულია, რომ საქართველო სისტემატურად არ ეთანხმებოდა უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივებს, მათ შორის გაეროს გენერალური ასამბლეის, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს და ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებზე, და ამის ნაცვლად, გაამყარა ურთიერთობები რუსეთთან და მხარი დაუჭირა რუსულ ნარატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს აგრესიის ომსა და რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, საქართველო ჯერ კიდევ არ არის თანხვედრაში რუსეთის, ბელარუსის და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აბსოლუტურ უმრავლესობასთან.

„[ევროპარლამენტი] აღნიშნავს, რომ საქართველო ჯერ კიდევ არ არის თანხვედრაში რუსეთის, ბელარუსის და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აბსოლუტურ უმრავლესობასთან. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს შემოწმებადი ზომები და გააძლიეროს თანამშრომლობა და საბაჟო მონიტორინგი, რათა თავიდან აიცილოს საქართველოს ტერიტორიის და/ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების გამოყენება ევროკავშირის შემზღუდავი ზომებისთვის გვერდის ასავლელად, მიიჩნევს, რომ თანხვედრისა და აღსრულების ამჟამინდელი დონე აშკარად არასაკმარისია და შეუთავსებელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებთან. ხაზს უსვამს, რომ სასწრაფოდ საჭიროა უფრო გადამწყვეტი ქმედებები, მათ შორის ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან სრული შესაბამისობა, ეფექტური მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმები და გამჭვირვალე თანამშრომლობა ევროკავშირის ინსტიტუტებთან სანქციებისგან თავის არიდების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ორმაგი დანიშნულების საქონელთან, ნავთობის ექსპორტსა და რუსულ და ირანულ სუბიექტებთან დაკავშირებული ფინანსური ნაკადების შესახებ; აფრთხილებს, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან და სანქციების რეჟიმთან შესაბამისობაში მოყვანის მუდმივი შეუსრულებლობა პირდაპირ გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე; მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, განაგრძონ საქართველოს მიერ ევროკავშირის სანქციების რეჟიმის დაცვის მჭიდრო მონიტორინგი, მათ შორის სანქციების გვერდის ავლის რისკები საქართველოს ტერიტორიის ან საქართველოში რეგისტრირებული სუბიექტების მეშვეობით“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ სასწრაფო და გადამწყვეტი ზომები რუსეთის მიერ ევროკავშირის სანქციების სისტემატური გვერდის ავლის შესაჩერებლად.

„[ევროპარლამენტი]მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ სასწრაფო და გადამწყვეტი ზომები რუსეთის მიერ ევროკავშირის სანქციების სისტემატური გვერდის ავლის შესაჩერებლად, რასაც ხელს უწყობს საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის, ევროკავშირის სპეციალური მონიტორინგის მექანიზმის შექმნით, რათა თვალყური ადევნონ მაღალი პრიორიტეტის ორმაგი დანიშნულების საქონლისა და საავიაციო კომპონენტების სავაჭრო ნაკადებს, რომლებიც ტრანზიტით გადაადგილდებიან; გარდა ამისა, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად ითანამშრომლოს ამ ძალისხმევასთან და გამოაქვეყნოს რეგულარული, გამჭვირვალე ანგარიშები ასეთი სავაჭრო ნაკადების შესახებ, რათა გაძლიერდეს საბაჟო აღსრულება და თავიდან იქნას აცილებული სანქციებისგან თავის არიდება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ საქართველოს პორტების, ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურისა და ნავთობის გადამტვირთავი ობიექტები შეიძლება გამოიყენონ რუსული ნავთობპროდუქტების რეექსპორტის ან შერევის ხელშესაწყობად საერთაშორისო სანქციების რეჟიმების გვერდის ავლის მიზნით.

„სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ცნობებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც რუსული ნედლი ნავთობი იგზავნება შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ახლად აშენებულ და ნაწილობრივ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაში; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს და აღკვეთოს ნებისმიერი მსგავსი საქმიანობა და უზრუნველყოს, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურა არ იქნეს გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის ხელშესაწყობად; აღნიშნავს, რომ ყულევის ნავთობტერმინალი არ შეიტანეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში, საქართველოს ხელისუფლებისა და ტერმინალის ოპერატორის მიერ აღებული ვალდებულებების საფუძველზე, რომ ისინი მკაცრად დაიცავდნენ ევროკავშირის სანქციებს; გამოდის მოწოდებით, რომ ტერმინალი შეიტანონ სანქციების მომავალი პაკეტებში იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება და ტერმინალის ოპერატორები მკაცრად არ დაიცავენ ევროკავშირის სანქციებს; ასევე გამოდის მოწოდებით, გაძლიერდეს თანამშრომლობა ევროკავშირსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის, რათა უზრუნველყოფილი იყოს შემზღუდავი ზომების სრულყოფილი აღსრულება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა. ანგარიში მომზადებული საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.

იტვირთბა....