ევროპარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა ევროკავშირის ახალი კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს წევრ ქვეყნებს, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ შექმნან ე.წ. დაბრუნების ცენტრები და ჩაატარონ არალეგალი მიგრანტების საცხოვრებელი ადგილების ჩხრეკა.
კანონს მხარი 418 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 218-ი წინააღმდეგი იყო, ხოლო 30 დეპუტატმა თავი შეიკავა. კანონის მომხრეებს შორის იყვნენ კონსერვატორი და ულტრამემარჯვენე ჯგუფები.
კანონის მიზანია, დააჩქაროს იმ მიგრანტების დაბრუნება, რომლებსაც ევროკავშირში დარჩენის კანონიერი უფლება არ აქვთ.
„ევრონიუსი“ იტყობინება, რომ ე.წ. დაბრუნების რეგულაცია წარმოადგენს ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკის ყველაზე მკაცრ ცვლილებას ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ის საკამათოდ მიიჩნევა, რადგან ევროკავშირის ქვეყნებს საშუალებას მისცემს, მესამე ქვეყნებთან შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირის გარეთ შექმნან დეპორტაციის ცენტრები, ე.წ. დაბრუნების ჰაბები.
აღნიშნული „ჰაბები“ წარმოადგენენ დროებით ტრანზიტულ ცენტრებს, სადაც ადამიანები წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებამდე დარჩებიან, გამონაკლისი დაუშვეს მხოლოდ უმეთვალყურეოდ მყოფი არასრულწლოვნებისთვის, რომლებიც ამ „ჰაბებში“ ვერ მოხვდებიან.
ე.წ. დაბრუნების ჰაბების გარდა, ახალი კანონი ითვალისწინებს არალეგალი მიგრანტების „საცხოვრებელი ადგილის ან სხვა შესაბამისი შენობების“ ჩხრეკის უფლებას. „ევრონიუსის“ ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება ამას ადარებენ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის მიერ ჩატარებულ რეიდებს.
კანონი ასევე ითვალისწინებს მიგრანტების დაკავების უფრო ხანგრძლივ ვადებს და სხვა აკრძალვებს. ახალი რეგულაციის მიხედვით, დაბრუნების მომლოდინე არალეგალი მიგრანტების დაკავების მაქსიმალური ვადა ექვსი თვიდან ორ წლამდე იზრდება, დამატებით ექვსთვიანი გაგრძელების შესაძლებლობით. იმ პირებისთვის, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრებიან, დაკავების ვადა შესაძლოა, განუსაზღვრელი იყოს.
დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში შესვლის აკრძალვებიც მნიშვნელოვნად მკაცრდება. კერძოდ, უმეტეს შემთხვევაში მათი ხანგრძლივობა ხუთი წლიდან ათ წლამდე გაიზრდება, საფრთხედ მიჩნეული პირებისთვის შესაძლებელია, დაწესდეს ქვეყანაში შესვლის უვადო აკრძალვაც.
კანონი ასევე ცვლის გასაჩივრების პროცედურებს. მოქმედი წესებით, დეპორტაცია ავტომატურად ჩერდება ვიდრე სამართლებრივი დავა მიმდინარეობს. ახალი კანონი ამ ავტომატურ დაცვის მექანიზმს აუქმებს და გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

