აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება” – ევროპარლამენტის ანგარიში

უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მიიღო არაერთი საკანონმდებლო აქტი, რომლებიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობას და პლურალიზმის შეზღუდვას, – ამის შესახებ აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ მიიღო.

ამ კონტექსტში, დოკუმენტში საუბარია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებებზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონზე, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე და სისხლის სამართლის კოდექსისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებებზე.

„[ევროპარლამენტი] გმობს საკანონმდებლო ზომებს, რომლებიც ზრდის ადმინისტრაციული კოდექსებით გათვალისწინებულ ჯარიმებს, რაც სულ უფრო ხშირად იწვევს იმ მომიტინგეების დაპატიმრებას, რომლებსაც არ შეუძლიათ ამ ჯარიმების გადახდა; იმეორებს მოწოდებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი; აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, გარდაქმნას საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება მთავრობასთან დაკავშირებული ორგანიზაციების მიერ მკაცრად კონტროლირებად გარემოდ, წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს ავტორიტარული რეჟიმისკენ; იხსენებს, რომ ამ კანონების უმეტესობა რუსეთში პუტინის ტოტალიტარული რეჟიმის ადრეული განვითარების ასლს წარმოადგენს, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს საკანონმდებლო აქტები, როგორც ხელშესახები ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დასაბრუნებლად.

გმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, რომელიც, როგორც ამბობენ, ელენე ხოშტარიას მიმართ განხორციელდა მისი დაკავების დროს; მოითხოვს მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების დაუყოვნებლივ მოხსნას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პროცედურების რეფორმირება, რათა შესაბამისობაში მოიყვანოს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.

„გამოხატავს ღრმა შეშფოთებას მომიტინგეებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დაკავების ბოროტად გამოყენების გამო; აღნიშნავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე, რომელშიც დადგინდა, რომ დამოუკიდებელი მტკიცებულებების გარეშე მხოლოდ პოლიციის ჩვენებებზე დაყრდნობა ძირს უთხრის სამართლიანი სასამართლოს გარანტიებს და ხელს უწყობს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული სანქციების დაწესებას; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პროცედურების რეფორმირება, რათა შესაბამისობაში მოიყვანოს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან; გმობს მომიტინგეებისა და დაკავებულების მიმართ ძალის გადაჭარბებული გამოყენების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ სანდო ცნობებს, მათ შორის წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ბოლოდროინდელ დასკვნებს, რომლებიც ადასტურებს პოლიციის მხრიდან ძალადობისა და დაცვისა და ანგარიშვალდებულების სისტემატური ხარვეზების შესახებ ბრალდებებს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს სწრაფი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება, დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და CPT-ის რეკომენდაციების სრულად შესრულება. გმობს ქართველი სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომიტინგეების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, გაუპატიურების და სხვა გენდერული ძალადობის მუქარის, ასევე უკანონო „შიშველი ჩხრეკის“ მზარდ ტენდენციას, რაც დისიდენტების, განსაკუთრებით ქალი მომიტინგეების დაშინების კამპანიის ნაწილია და ქართველების გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებების შეზღუდვის მიზნით გამოიყენება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი გმობს მიღებულ კანონმდებლობას, რომელიც ითვალისწინებს ავტომატურ დაკავებას და შემდგომი სისხლის სამართლის სასჯელების, მათ შორის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის დაწესებას ტროტუარებსა და საცალფეხო ბილიკებზე მდგომი მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე პირებისთვის; ხაზს უსვამს, რომ ასეთი ზომები წარმოადგენს „რეპრესიულ ინსტრუმენტებს“, რომლებიც მიზნად ისახავს პოლიტიკური მიზნებით განსხვავებული აზრის ჩახშობას. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი გმობს სოციალურ მედიაში საკუთარი მოსაზრებების გაზიარებისთვის ადამიანების ხშირ დაკავებას.

დოკუმენტში საუბარია საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენების შესახებაც და ხაზგასმულია, რომ ამ ბრალდებებთან დაკავშირებით სასწრაფო, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს.

„[ევროპარლამენტი] გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას იმ ბრალდებების გამო, რომ საქართველოში შესაძლოა გამოეყენებინათ აკრძალული ქიმიური ნივთიერება პირების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების კონტექსტში; ხაზს უსვამს, რომ დადასტურების შემთხვევაში, ნებისმიერი ქიმიური ნივთიერების გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების და საერთაშორისო სამართლის, მათ შორის ქიმიური იარაღის აკრძალვის, ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას; გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულ არასათანადო გამოძიებას; ამ ბრალდებებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოდის, მოუწოდებს გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას ჩაატაროს მოკვლევა და მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, გადასცენ ეს საქმე შემდგომი გამოძიებისთვის“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევისა და დაუცველი ჯგუფების, მათ შორის ლგბტქ+ პირების დისკრიმინაციის გამო; ხაზს უსვამს, რომ ეს დარღვევები შეუთავსებელია საქართველოს მიერ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით და საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებით ნაკისრ ვალდებულებებთან; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას გამოხატვის თავისუფლების, შეკრების, გაერთიანებისა და პოლიტიკური მონაწილეობის უფლებები და უზრუნველყოს ყველა ადამიანის უფლებათა დამცველისა და აქტივისტის უსაფრთხოება და დაცვა, ასევე ეფექტური სამართლებრივი საშუალებები.

„[ევროპარლამენტი] მკაცრად მოუწოდებს ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს, აკონტროლონ ეს დარღვევები, უზრუნველყონ მხარდაჭერა და დაცვა რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის და დააკავშირონ ევროკავშირის დახმარების, თანამშრომლობისა და გაწევრიანების სფეროში მიღწეული პროგრესი ადამიანის უფლებების დაცვის ხელშესახებ გაუმჯობესებასთან.

მოუწოდებს საქართველოს დე ფაქტო პარლამენტს, გააუქმოს კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომლის დებულებებიც მკვეთრად არღვევს ადამიანის უფლებებს, მათ შორის თანასწორობის, დისკრიმინაციის აკრძალვის, განათლების, ჯანმრთელობის, გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებებისა და გაერთიანების, ასევე პირადი ცხოვრების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებებს; მხარს უჭერს საქართველოს ლგბტქ+ თემს და ღრმა აღშფოთებით აფასებს კანონის მიერ ნებაყოფლობით ერთსქესიან ურთიერთობებსა და ინცესტს შორის მცდარ გაიგივებას; იხსენებს, რომ მსგავსი კანონები რუსეთში, ვლადიმირ პუტინის რეჟიმის პირობებში, საფუძვლად დაედო უმცირესობების ფართომასშტაბიან რეპრესიებს და საბოლოოდ შექმნა დაშინებისა და დისკრიმინაციის ატმოსფერო.

სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ჭიათურის რეგიონში არსებული მდგომარეობის გამო, რომელიც ევროკავშირის ბაზრისთვის მანგანუმის მოპოვებას უკავშირდება, და კორპორაციული მდგრადობის სათანადო შეფასების დირექტივის (CSDDD) განხორციელების მოწოდებით გამოდის, რადგან ევროკავშირს ეკისრება პასუხისმგებლობა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ისე მიყენებული ზიანით დაზარალებული გარემოს დაცვაზე.

კვლავ გამოხატავს წინააღმდეგობას საქართველოში შრომითი კანონმდებლობისა და შრომითი უფლებების გაუარესების მიმართ, რაც 2024 წელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებში გამოიხატა; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას შრომითი სამართლის სტანდარტები და თავი შეიკავოს შრომითი უფლებების შეზღუდვისგან; შეახსენებს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობა მოიცავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებთან, ევროპის სოციალურ ქარტიასა და სამუშაო პირობების შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობას.

მიესალმება ეუთოს მიერ 24 მონაწილე სახელმწიფოს ინიციატივით ე.წ. მოსკოვის მექანიზმის გააქტიურებას, რამაც შესაძლებელი გახადა ექსპერტთა მისიის გაგზავნა საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად, განსაკუთრებით 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არსებითად გაითვალისწინოს მისიის დასკვნები და მკაფიო ვადებში შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების გათავისუფლების, საერთაშორისო ვალდებულებებთან შეუთავსებელი კანონმდებლობის გაუქმებისა და არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით; ხაზს უსვამს, რომ თუ ხელისუფლება ვერ გადადგამს კონკრეტულ და გადამოწმებად ნაბიჯებს რეკომენდაციების შესასრულებლად, მონაწილე სახელმწიფოებმა და შესაბამისმა საერთაშორისო ინსტიტუტებმა უნდა განიხილონ პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის დამატებითი ზომები, მათ შორის მიზნობრივი სანქციები და შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება; ასევე მოუწოდებს ეუთოში მონაწილე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, აქტიურად დაუჭირონ მხარი მისიის მანდატის გახანგრძლივებას, სისტემური და სათანადოდ დოკუმენტირებული დარღვევების გათვალისწინებით, რომლებიც ყოვლისმომცველ დამოუკიდებელ შეფასებას საჭიროებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ევროპარლამენტი გმობს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მედიასაშუალებების, მათ შორის „იმედის“, „პოსტვ“-ის „რუსთავის 2“-ის როლს ევროკავშირის, მისი ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების, განსაკუთრებით საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატების წინააღმდეგ სისტემური დეზინფორმაციის, ცილისმწამებლური კამპანიებისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებაში“.

„ევროპარლამენტი მკაცრად გმობს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მედიასაშუალებების, მათ შორის „იმედის“, „პოსტვ“-ის „რუსთავის 2“-ის როლს ევროკავშირის, მისი ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების, განსაკუთრებით საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატების წინააღმდეგ სისტემური დეზინფორმაციის, ცილისმწამებლური კამპანიებისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებაში; აღნიშნავს გაერთიანებული სამეფოს მიერ ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას ტელეკომპანიების – „იმედისა“ და „პოსტვ“-ის – მიმართ სანქციების დაწესების შესახებ; მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადახედონ მსგავსი მედია საშუალებების აკრედიტაციას ევროკავშირის სტრუქტურებში და მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, მიჰყვნენ გაერთიანებული სამეფოს მაგალითს და მიიღონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან აღნიშნული დეზინფორმაციული კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე, მათ შორის ევროკავშირის გლობალური ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმის ფარგლებში; ასევე მოუწოდებს ევროკავშირს სანქციების სიაში შეიყვანოს საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის წევრები. შეშფოთებას გამოხატავს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლისა და მათ წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი პროცესების გამო; ხაზს უსვამს, რომ მედიის პლურალიზმი და ჟურნალისტების უსაფრთხოება დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი წინაპირობებია. შეშფოთებით აღნიშნავს საქართველოს განათლების სფეროში განხორციელებულ ბოლოდროინდელ რეფორმებს, რომლებიც, როგორც ჩანს, აკადემიურ დაწესებულებებზე კონტროლის ცენტრალიზაციას, აკადემიური თავისუფლებისა და უნივერსიტეტების ავტონომიის შესუსტებას და ევროპულ უმაღლესი განათლების სისტემასთან საქართველოს ინტეგრაციის შეფერხებას ისახავს მიზნად; ავრცელებს გაფრთხილებას აკადემიური პროგრამების სტრუქტურისა და ხანგრძლივობის შეცვლისკენ მიმართულ ზომებზე და „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპის დანერგვაზე, რაც ზღუდავს უნივერსიტეტების მიერ შეთავაზებული დისციპლინების მრავალფეროვნებას; შეშფოთებულია ისეთი ინსტიტუტების მიმართ ზეწოლით, როგორიცაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტუდენტური საპროტესტო გამოსვლების საჯარო მხარდაჭერის შემდეგ, მაშინ როდესაც მხარდაჭერა ეძლევა მმართველ ელიტასთან დაკავშირებულ კერძო დაწესებულებებს; ხაზს უსვამს, რომ დამოუკიდებელი განათლების ექსპერტების შეფასებით, ამ ზომების ერთობლივმა ეფექტმა შესაძლოა შეამციროს აკადემიური პლურალიზმი და უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა კიდევ უფრო პოლიტიზირებული გახადოს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს „საქართველოდან მოქმედი ორგანიზებული თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელების“ გამო, განსაკუთრებით იმ ქსელების, „რომელთა სამიზნეც ევროკავშირის მოქალაქეები არიან“.

„აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მაღალი რანგის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ მფარველობას უწევენ ამ ქსელებს, რაც მათ ეკონომიკური სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, ევროპარლამენტი მიესალმება ევროკომისიის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის, რომელიც 2026 წლის 6 მარტიდან მოქმედებს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში, 2025 წლის 30 დეკემბერს ძალაში შესული ვიზების შეჩერების განახლებული და უფრო მოქნილი მექანიზმის საფუძველზე.

„ეს „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევის პირდაპირი შედეგია; [ევროპარლამენტი] მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, აღნიშნული კატეგორიის ვიზის განმცხადებლების მიმართ ჩაატარონ საფუძვლიანი შემოწმება, მათ შორის გასაუბრებითა და დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნით, ხოლო წარმოდგენილი ინფორმაციის სანდოობის შესახებ ეჭვის შემთხვევაში უარი უთხრან ვიზის გაცემაზე; წუხს, რომ ევროკავშირის მასშტაბით სავიზო აკრძალვები საქართველოს იმ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, დემოკრატიული უკუსვლისა და რეპრესიების პროცესზე, შეუძლებელი გახდა უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების წინააღმდეგობის გამო; აღნიშნავს, რომ ვიზების შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს მიერ ძირითად კრიტერიუმებთან და წინა რეკომენდაციებთან შეუსაბამობას; აფრთხილებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შესაძლოა გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება; მოუწოდებს ევროკომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდებათ, და გაზარდოს პირდაპირი მხარდაჭერა ადამიანებს შორის გაცვლითი პროგრამებისთვის, როგორიცაა Erasmus+, Horizon Europe, European Solidarity Corps და Creative Europe“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

იტვირთბა....