უკრაინამ სანქციების დარღვევით ნავთობით დატვირთული რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი დაბომბა – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენშტაბის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ გარდა ამისა, იერიშები განხორციელდა ხიდებზე, სამეთაურო პუნქტებსა და დრონების მართვის მიწისზედა სადგურებზე.
“შავ ზღვაში დარტყმა განხორციელდა ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერ Fina A-ზე. გემს სანქციები დაწესებული აქვს ევროკავშირის, შვეიცარიის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და უკრაინის მიერ. სამიზნეზე დარტყმა დადასტურებულია. ამჟამად მიმდინარეობს ინფორმაციის შეგროვება მიყენებული ზიანის მასშტაბების შესახებ“ – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ასევე დაარტყეს იმ ობიექტებს, რომლებსაც რუსული ძალები სამხედრო ლოჯისტიკისა და უკრაინის სამხრეთით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის ჯარების გადასაადგილებლად იყენებდნენ. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა ჩრდილოეთ ყირიმის არხზე მდებარე საავტომობილო ხიდზე დასახლება სტავკისთან და კიდევ ერთ საავტომობილო ხიდზე დასახლება ვოინკასთან. მათივე ცნობით, ასევე განადგურდა რუსეთის სამეთაურო-სამეთვალყურეო და საკომანდო პუნქტები დონეცკის ოლქის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილში, ველიკა ნოვოსილკასთან ახლოს.

