ევროპა იწყებს კაია კალასის აბსურდულობის გაცნობიერებას, – ამ სათაურით სტატიას გამოცემა „ტელეგრაფი“ აქვეყნებს.
საავტორო სტატიაში ნათქვამია, რომ ესტონეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის ამოცანა არის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია და ფორმულირება, პრობლემა კი ისაა, რომ ევროკავშირის ასეთი ერთიანი საგარეო პოლიტიკა სინამდვილეში არ არსებობს.
„მაგალითისთვის, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეოცე პაკეტი, რომელიც წარმოდგენილი იყო, როგორც ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის დიდი ტრიუმფი. თეორიულად, ევროკავშირის ყველა წევრი უკრაინაში შეჭრის გამო ვლადიმირ პუტინის დასჯის მოთხოვნით გამოდის. პრაქტიკულად კი, ირლანდია კვლავაც აწარმოებს ფოლადს, რომელსაც, როგორც მიიჩნევა, რუსეთის „სამხედრო მანქანა“ იყენებს. რუსული კომპანია „ლუკოილი“ აგრძელებს ნიდერლანდებში, ბულგარეთსა და რუმინეთში არსებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ექსპლოატაციას (თუმცა დღეს მიმდინარეობს რუსული კომპანიის აქტივების იძულებითი გაყიდვის პროცესი, რაც, პარადოქსია, მაგრამ გამოწვეულია არა ევროკავშირის სანქციებით, არამედ აშშ-ის ზეწოლით). ტანკერები აგრძელებენ რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას და ევროკავშირი აგრძელებს რუსული გათხევადებული გაზის მსოფლიო ექსპორტის 49%-ის შესყიდვას, ხოლო უნგრეთი და სლოვაკეთი აგრძელებენ რუსული ნავთობის „დრუჟბის“ მილსადენით იმპორტირებას. იმ მილსადენით, რომლის რემონტისთვის, გასაოცარია, მაგრამ სახსრების გამოყოფა ევროკავშირს დააძალეს, როდესაც ნავთობსადენის უკრაინული სექცია იანვარში ააფეთქეს“, – ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ კაია კალასი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ უწყების ხელმძღვანელებს შორის რუსეთის მიმართ ყველაზე ხისტი პოზიციის გამოირჩევა, თუმცა პრაქტიკაში ის წარუმატებელია. ასევე კალასი, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთად, გამოდიოდა უკრაინისთვის 140 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფის წინადადებით, რომლის უზრუნველყოფაც უნდა მომხდარიყო გაყინული რუსული აქტივებით, თუმცა მისი ძალისხმევა ბელგიამ და საფრანგეთმა დაბლოკეს. გასულ კვირას კი კალასმა განაცხადა, რომ უნგრეთის მიერ განბლოკილი 6,6 მილიარდი ევრო პირდაპირ უკრაინას უნდა გადაეცეს. ეს წინადადება სადავო პოლონეთმა გახადა, რომელსაც სურს, რომ ამ თანხიდან მიიღოს კომპენსაცია უკრაინისთვის უკვე გადაცემული იარაღისთვის.
„შარშან ის ცდილობდა 40 მილიარდი ევროს მობილიზებას უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, თუმცა საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის წინააღმდეგობის გამო ეს თანხა „რეალისტურ“ 5 მილიარდ ევრომდე შემცირდა“, – აღნიშნულია სტატიაში.
პუბლიკაციის ავტორი ასევე აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი არ მიიწვიეს ევროპელი ლიდერების სამიტზე, რომელზეც დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მიერ ალასკაზე გამართული შეხვედრა განიხილეს.
„როდესაც მსოფლიოს ლიდერებს მაღალჩინოსან ევროპელებთან საუბარი სურთ, ისინი, კალასის ნაცვლად, მაკრონთან, მერცთან და ჯორჯია მელონისთან რეკავენ“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ, ზემოაღნიშნულიდან და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ფუნდამენტური სტრუქტურული არაეფექტურობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ საფრანგეთმა დაიწყო საუბარი უწყების რეფორმაზე, რაც რეალურად ამ სამსახურს არააქტუალურს გახდის. ფრანგები გამოდიან წინადადებით, რომ საგარეო ქმედებათა სამსახურის 140 საერთაშორისო წარმომადგენლობა 18 რეგიონულ ცენტრში გაერთიანდეს.
„რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სანქციების სიების შედგენასა და სამხედრო მისიების შესახებ წინადადებები ევროპული საბჭოს კომპეტენცია იქნება, ხოლო ყოველდღიურ დიპლომატიურ საქმიანობას ევროკომისია გააკონტროლებს. ეს ნიშნავს, რომ კაია კალასი იქნება ევროკავშირის წევრების დაქვემდებარებაში და არ იქნება დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი“, – ნათქვამია სტატიაში
პუბლიკაციის მიხედვით, ამავე დროს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკვე ჩამოაყალიბა საკუთარი „გეოპოლიტიკური კომისია“, დანიშნა რა თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი, რომელიც რეგულარულად ხელმძღვანელობს ბლოკის რეაქციას რუს აგრესიაზე, და ასევე სწავლობს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის ქვედანაყოფის ჩამოყალიბების იდეას, რომელიც იქნება საგარეო ქმედებათა სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ქვედანაყოფის კონკურენტი.
„საფრანგეთის წინადადება პრაქტიკაში გამოიწვევს ევროპული საგარეო პოლიტიკის რენაციონალიზაციას და არა მის ფედერალიზაციას. ეს ნიშნავს, რომ გადამწყვეტ საკითხებზე, როგორებიცაა ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციასთან, ჩინეთთან ეკონომიკური შეთანხმება და პუტინთან მოლაპარაკებები, მთავარ როლს ევროპელი ლიდერები შეასრულებენ. იდეა, რომ ევროპა ერთიანი ხმით საუბრობს, ყოველთვის გამონაგონი იყო. მალე ეს ოფიციალურადაც ასე იქნება“, – ნათქვამია სტატიაში.

