აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აშშ-ირანის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის დღეს დაიწყება” – აბას არაღჩი

ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების ახალი ფაზა ურთიერთგაგების მემორანდუმის ოფიციალურად ხელმოწერის დღესვე დაიწყება და მისი მიზანი საბოლოო შეთანხმების 60 დღის ვადაში მიღწევაა, – ირანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა.

მისი თქმით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის აგრესიის ომის შემდეგ ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევის სირთულეები წარმოიშვა, რამაც ორივე მხარე აიძულა მოლაპარაკებები ორ ეტაპად დაეყოთ.

არაღჩის განმარტებით, პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო ომის დასრულებასა და ჰორმუზის სრუტესთან, საზღვაო ბლოკადასთან, რეკონსტრუქციასა და მასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაზე, რაც ურთიერთგაგების მემორანდუმით დასრულდება. მეორე ფაზა კი ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე დაიწყება და 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში მხარეები ბირთვული საკითხებისა და სანქციების შემსუბუქების შესახებ საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან.

აბას არაღჩიმ ხაზი გაუსვა, რომ ირანი ლიბანში ომის დასრულებას კონფლიქტის დასრულების აუცილებელ კომპონენტად მიიჩნევს და რომ ორივე ფრონტზე განვითარებული მოვლენები ურთიერთდაკავშირებულია. მისი თქმით, ლიბანში ომის დასრულება ასევე მოითხოვს ოკუპაციის დასრულებას და ისრაელის ნებისმიერი სამომავლო სამხედრო მოქმედება ან ლიბანის ტერიტორიაზე ყოფნის გაგრძელება მემორანდუმის დარღვევად ჩაითვლება.

იტვირთბა....