გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) საგარეო პოლიტიკის ექსპერტი როდერიხ კიზევეტერი ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დადებულ სამშვიდობო შეთანხმებას აკრიტიკებს და კატასტროფას უწოდებს.
მისი თქმით, შეთანხმება ირიბად უჭერს მხარს კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ომს უკრაინის წინააღმდეგ და „ირანს ბირთვული ბომბის შექმნის საკმარის შესაძლებლობას უტოვებს“.
„ეს კატასტროფაა ირანელი ხალხისთვის“, – განაცხადა კიზევეტერმა.
ამასთან, კიზევეტერმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერი მხოლოდ მოკლევადიან შედეგზეა ფოკუსირებული.
„როგორც კი სასტიკი რეჟიმი იმუქრება, ტრამპი დათმობაზე მიდის და სწრაფი პიარ-გამარჯვებისთვის გრძელვადიან უსაფრთხოების ინტერესებს სწირავს“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, 15 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმება უკვე მიღწეულია და ჰორმუზის სრუტე ნაწილობრივ გაიხსნა საზღვაო გადაზიდვებისთვის.
როგორც ცნობილაია, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის საბოლოო პროექტი მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს, თეირანის ბირთვული საქმიანობიდან დაწყებული ჰორმუზის სრუტის განბლოკვითა და ირანული ნავთობის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების მოხსნით დამთავრებული. შეთანხმების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია 19 ივნისს შვეიცარიაში უნდა გაიმართოს.

