საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, ვიქტორ ორბანი პარტია „ფიდესის“ ლიდერად ხელახლა აირჩიეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
გამოცემის ცნობით, უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი პარტიის ლიდერად კიდევ ერთი წლით აირჩიეს.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო MTI-ის ცნობით, „ფიდესის“ პარტიის ყრილობაზე 737 დელეგატიდან მას ხმა 729-მა მისცა. მის წინააღმდეგ არცერთი კონკურენტი არ იბრძოდა.
„მე არ ვნებდები, არასდროს, არასდროს, არასდროს, არასდროს, არასდროს, არასდროს ვნებდები“, – განაცხადა ორბანმა კონგრესს კენჭისყრამდე და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არჩევნებში დამარცხებაზე სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.
ამასთან, ორბანმა განაცხადა, რომ „ფიდესი“ 16 წლის განმავლობაში „ფანტასტიკური მმართველი პარტია“ იყო, მაგრამ ცვლილებების გატარება სჭირდებოდა, რათა ფუნქციონალურ ოპოზიციურ პარტიად ჩამოყალიბებულიყო, რომელიც ხელახლა მმართველობისთვის მზად იქნება.
ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართა. არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ, პეტერ მადიარის „ტისამ“ გაიმარჯვა, რითაც ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა. არჩევნებში „ტისამ“ ხმების 53 პროცენტი მოიპოვა, თუმცა, უნგრეთის კანონმდებლობის შესაბამისად, პარლამენტში სკამების 2/3-ზე მეტი მიიღო.

