აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების მიმართ ისრაელის დამოკიდებულება კაია კალასმა აპარტეიდს შეადარა” – Euractiv

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა მექსიკის მთავრობის წარმომადგენლებთან დახურულ და კონფიდენციალურ შეხვედრებზე ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების მიმართ ისრაელის დამოკიდებულება აპარტეიდის რასისტულ პოლიტიკას შეადარა.

ამის შესახებ Euractiv-ი იტყობინება.

„ევროკავშირი კრიტიკულია ისრაელის მიმართ და მხარს უჭერს ორ სახელმწიფოზე დაფუძნებულ გადაწყვეტას. აპარტეიდთან შედარება მიუღებელია და ეს ევროკავშირის პოლიტიკა არ არის. დიდი პრობლემაა, თუ ის ასეთ განცხადებებს აკეთებს იმ დროს, როდესაც საერთაშორისო არენაზე ოფიციალურად წარმოადგენს ევროკავშირს“, – განაცხადა გამოცემასთან საუბარში ევროკავშირის დიპლომატმა, რომლის ვინაობასაც „ევრაქტივი“ არ ასახელებს.

გამოცემამ კალასის ოფისს კომენტარისთვის მიმართა, თუმცა ოფისში უარი თქვეს როგორც ინფორმაციის დადასტურებაზე, ისე მის უარყოფაზე.

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კაია კალასი დიპლომატიური შეცდომების გამო კრიტიკის სამიზნე ხდება.

Euractiv-ი წერს, რომ 28 მაისს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე მან შეცდომა დაუშვა, რასაც შეეძლო, ევროკავშირისა და აშშ-ის ურთიერთობებზე გავლენა მოეხდინა. კერძოდ, კაია კალასმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი შიშის გავრცელებას ცდილობდა, როდესაც კიევში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ფართომასშტაბიანი შეტევები იგეგმებოდა. ამავე საუბარში კაია კალასმა დასძინა, რომ მაშინ „ყველა ევროპული საელჩო დარჩა, ამერიკელები კი წავიდნენ“.  თუმცა, ეს განცხადება არასწორი აღმოჩნდა, რადგან ამერიკელ დიპლომატებს კიევი არ დაუტოვებიათ.

„ასეთი შეცდომები მიუღებელია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლისთვის“, – აღნიშნა ევროკავშირის კიდევ ერთმა დიპლომატმა „ევრაქტივთან“ საუბრისას.

იტვირთბა....