აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე – დისკუსია ფაქტებზე დაფუძნებულ ატმოსფეროში წარიმართა, ხელისუფლებას წარედგინება ანგარიში” – ევროკომისიის პრესსპიკერი

ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის გამართული გუშინდელი შეხვედრა ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, რომელიც ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა „ევროსკოპის“ შეკითხვის საპასუხოდ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, შეხვედრა წარმოადგენს ვიზების რეგულაციით გათვალისწინებული სტანდარტული პროცესის ნაწილს, რომელიც ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ ხორციელდება.

მარკუს ლამერტის განმარტებით, ეს შეხვედრა და ეს პროცესი მიმდინარე წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა.

„ამ პროცესის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რამაც შეჩერება გამოიწვია და ეს არის საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების დარღვევა დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, კომისიამ ქართულ მხარეს დეტალურად გააცნო თავისი გადაწყვეტილების მიზეზები.

„გუშინდელი შეხვედრა ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, რომელიც ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე. კომისიამ დეტალურად გააცნო თავისი გადაწყვეტილების მიზეზები, რომლებიც დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებს ეხება. ქართულმა მხარემ ასევე წარმოადგინა თავისი შეხედულებები. დისკუსია ფაქტებზე დაფუძნებულ ატმოსფეროში წარიმართა. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ხელისუფლებას წარუდგენენ ანგარიშს და განიხილავენ არსებით და პოტენციურ შემდეგ ნაბიჯებს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

იტვირთბა....