დღევანდელი ირანი საკუთარ ეროვნულ ძალას ეყრდნობა. თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ირანს არასოდეს განუხორციელებია აგრესია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში სეიედ ალი მოუჯანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დიპლომატმა მედიასთან საქართველოში 6 თვიანი მუშაობა შეაჯამა და საქართველო-ირანის ურთიერთობებზე ისაუბრა.
„საქართველო ირანისთვის მხოლოდ გეოგრაფიული არეალი არ არის სამხრეთ კავკასიის რუკაზე; საქართველო ირანისთვის ისტორიული, ცივილიზაციის მაფორმირებელი იდენტობა და ირანის ზეგანის მეზობლად მდებარე უძველესი ქვეყანაა. ეს არის ქვეყანა, რომლის არქეოლოგიური და ისტორიული მემკვიდრეობა მთელი სამი ათასი წლის განმავლობაში დოკუმენტურად და თვალსაჩინოდ უკავშირდებოდა ირანს. ამ ხნის განმავლობაში, ყველა აღმავლობისა თუ დაღმასვლის, სიმწარისა თუ სიხარულის მიუხედავად, ორ ერს შორის ურთიერთობები მუდმივად გრძელდებოდა.
ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ამ 180 დღეშიც შეუფერხებლად გრძელდებოდა, განსაკუთრებით ირანის მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურების გაწევის მიმართულებით – როგორც საქართველოში მცხოვრები მცირერიცხოვანი თანამემამულეებისთვის, ასევე მრავალრიცხოვანი ტურისტებისთვის.
ამ 180 პერიოდის განმავლობაში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო კონსტრუქციულ კონტაქტსა და თანამშრომლობაში იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მათ ირანის მდგომარეობისა და პოლიტიკის დეტალებს აცნობდა. საქართველო განიხილებოდა არა როგორც შორეული, არამედ როგორც საერთო გეოგრაფიული, ცივილიზაციური და კულტურული სივრცე, რომელიც მუდმივად იყო ყურადღებისა და განსაკუთრებული ინტერესის საგანი.
ამ ყურადღებისა და ინტერესის ფარგლებში, საქართველოში – ისევე როგორც ირანის სხვა მეზობელ ქვეყნებში – განხილვისა და კონსულტაციების საგანი გახდა მოვლენების სრული სურათი, გადადგმული ნაბიჯები, პოლიტიკა, საომარი ვითარება და სამშობლოს დაცვის საკითხები.

