საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მომდევნო თვეები გადამწყვეტი იქნება ქვეყნის მომავლისთვის და სწორედ ამ პერიოდში გაირკვევა, დარჩება თუ არა საქართველო თავისუფალ ევროპულ დემოკრატიად, თუ რუსეთის გავლენის სფეროში აღმოჩნდება. ამის შესახებ ზურაბიშვილმა „ვაშინგტონ თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისი მთავარი მისია ქვეყნის შიგნით ქართული საზოგადოების გაერთიანება, ხოლო ქვეყნის გარეთ იმ მოქალაქეების ხმის წარმომადგენლობაა, რომლებიც, მისი შეფასებით, სხვადასხვა ფორმით გააჩუმეს. ზურაბიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნები, სავარაუდოდ, ჩატარდება, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა პირობებში გაიმართება საარჩევნო პროცესი.
“ჩემი როლია, გავაერთიანო ქართული საზოგადოება მომავლის, საკუთარი ხედვის გარშემო. ქვეყნის გარეთ ჩემი როლი ასევე იმ საზოგადოების ხმაა, რომელსაც, პრაქტიკულად, აღარ აქვს ხმა. საელჩოები პარტიას ემსახურებიან. ჩვენ შეგვიძლია, ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება, მაგრამ არ ვიცით რა პირობებში. შესაძლოა, დასუსტებული რეჟიმი გარკვეულ მომენტში დაიშალოს. შესაძლოა, მან გადაწყვიტოს, რომ უმჯობესია, არჩევნების ორგანიზება მანამ, სანამ ის ჯერ კიდევ აკონტროლებს აუცილებელ საკითხებს. ან იქნებ ჩვენ ჩვეულ ვადას მივყვეთ. დასავლეთი ახლავე უნდა მოემზადოს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს პრევენცია, დახმარება და დაკვირვება. ძველი მეთოდები საკმარისი არ იქნება. გასული საუკუნის ეუთოს დაკვირვებები აღარ მუშაობს, ჩვენ სხვა სამყაროში ვართ, ხელოვნური ინტელექტიც გამოიყენება. თუკი ვინმე კავკასიას შეინარჩუნებს, ის შეინარჩუნებს დერეფანს, რომელიც ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

