ოპოზიციისა და ხელისუფლების მხრიდან დღევანდელი შეხვედრის გამოყენება პოპულისტურად ხდება, რადგან ეს შეხვედრა ტექნიკურია და დიპლომატიურ პასპორტებზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა ბრიუსელში დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ გუნდი ბევრს მუშაობს, რათა ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა მოქალაქეებზე არ გავრცელდეს.
„ხელისუფლების მხრიდან საგარეო პოლიტიკის წარმოება არაკომპეტენტურად მიმდინარეობს და ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი პარტნიორობის შეწყვეტას ვუყურებთ. რა თქმა უნდა, ამ ფონის გათვალისწინებით, საფრთხის ქვეშაა ევროპული მომავალი და უდიდესი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა. ჩვენი გუნდი ბევრს მუშაობს, რათა ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა მოქალაქეებზე არ გავრცელდეს. ქართველი ხალხი იმისთვის არ უნდა ისჯებოდეს, რომ ანტიქართული და ანტიეროვნული მთავრობა ჰყავს. ჩვენს მოსახლეობას შეზღუდვა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

