დავასრულეთ ვიზიტი ლონდონში, სადაც შევხვდით გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრებს, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. ივანიშვილის მცდელობის მიუხედავად, საქართველოს დასავლეთი არ მიატოვებს. ჩვენ დავიბრუნებთ სამშობლოს და დავაბრუნებთ მას მსოფლიო პოლიტიკაში ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, თინა ბოკუჩავა პარტიის განახლებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის განაცხადს „ნაციონალური მოძრაობის“ გახსნის, განახლებისა და რეფორმირების შესახებ, რა ხანია, ჯანსაღი ცვლილებების აუცილებლობაზე ვსაუბრობ. მივესალმები მის მზაობას, უამრავი გამოწვევის მიუხედავად, ეს პროცესი პარტიაში დაიწყოს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! გამარჯვება საქართველოს!“ – წერს თინა ბოკუჩავა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს.
„მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“, რეფორმირებისთვის შემოვიერთებთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანს“, – დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

