წალენჯიხაში ფერმერებს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა წარუდგინეს. პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, ასევე მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოხდება იმ სტანდარტების დანერგვა, რომელიც აუცილებელია ქართული ჩაის ევროკავშირის ქვეყნებში გასატანად.
ამასთან, პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული შეღავათებია გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის, რაც საქართველოში კოოპერაციის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას მიიღებენ იურიდიული პირები, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.
პლანტაციების რეაბილიტაციისათვის თანადაფინანსება იქნება: კერძო საკუთრებაში არსებული პლანტაციების შემთხვევაში: იურიდიული პირებისათვის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) – რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 60%; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 80%. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული (იჯარით გაცემული) პლანტაციების შემთხვევაში: იურიდიული პირებისათვის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) – რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 70%; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 90%.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები დამატებით უსასყიდლოდ მიიღებენ ჩაის პირველადი დამუშვებისთვის საწარმოო მანქანა-დანადგარებს, მოწყობილობებსა და ინვენტარს.
პროგრამის ბენეფიციარებისათვის განხორცილდება ტექნიკური დახმარება, რომელიც ითვალისწინებს დახმარებას ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიებში, მარკეტინგში, რეალიზაციის არხების შექმნაში.