უკრაინის უზენაესმა რადამ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი ციფრულ პლატფორმებზე მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის თაობაზე.
დოკუმენტის მიღება ევროკავშირის 90-მილიარდიანი სესხის მეორე ტრანშის გაცემის წინაპირობას წარმოადგენდა.
როგორც უკრაინული მედია წერს, კანონპროექტს მხარი 241-მა დეპუტატმა დაუჭირა, ოთხი წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 37-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
უცხოური კომპანიები, რომლებიც ციფრულ პლატფორმებს მართავენ, ვალდებული იქნებიან, წელიწადში ერთხელ შემოსავლების შესახებ ანგარიში წარადგინონ და ყოველთვიურად გადაიხადონ გადასახადი.
მედიის ინფორმაციით, კანონის მიღება ორი მიზეზით იყო მნიშვნელოვანი: პირველი – საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის სტრუქტურული მოთხოვნა, რომელიც უკრაინას მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე უნდა შეესრულებინა; ხოლო მეორე – ევროკავშირის მიერ 3,7 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მეორე ტრანშის გაცემის პირობა.
კანონის საბოლოო ვარიანტიდან ამოღებულია რამდენიმე სადავო ნორმა, კერძოდ, გამყიდველებისთვის სპეციალური ანგარიშების სავალდებულო გახსნა და საბანკო საიდუმლოების გამჟღავნება. ახალი რედაქციით, საგადასახადო ვალდებულებას პირდაპირ საგადასახადო ორგანო განსაზღვრავს.
ამასთან, მანამდე გამყიდველს თავად უნდა წარედგინა საგადასახადო დეკლარაცია, თუ მისი წლიური შემოსავალი განსაზღვრულ ზღვარს გადააჭარბებდა. ახალი კანონით კი ამ ვალდებულებას საგადასახადო სამსახური შეასრულებს მის ნაცვლად.
კანონიდან ამოღებულია მთავრობა, სახელმწიფო უწყებები და საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანიები – მათი ოპერაციები მონიტორინგს არ დაექვემდებარება.
გარდა ამისა, შეიცვალა „საქონლის“ ცნების განმარტებაც: ციფრული პროდუქტები, მაგალითად, ელექტრონული წიგნები და ონლაინკურსები, კონტროლს აღარ დაექვემდებარება.

