5 ივნისს, სანქტ-პეტერბურგში გამართულ „3+3 ფორმატის“ პირველ ექსპერტულ შეხვედრაში მონაწილეობა ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა მიიღო.
როგორც „რადიო თავისუფლებას“ მეტრეველმა განუცხადა, ის ამ შეხვედრაზე საკუთარ თავს წარმოადგენდა.
„პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის საორგანიზაციო ჯგუფი დამიკავშირდა და შემომთავაზა მონაწილეობა, ღონისძიების ოფიციალური მასპინძელი იყო საუდის არაბეთი. მე წარმოვადგენდი კონკრეტულად ჩემ თავს და რაც ვისაუბრე, არის პირადად ჩემი მოსაზრება“, -აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, 5 ივნისს სანქტ-პეტერბურგში 3+3 ფორმატის პირველი საექსპერტო შეხვედრა გაიმართა. 3+3 ფორმატი არის პლატფორმა, რომელიც რუსეთის, თურქეთის, ირანისა და, მეორე მხრივ, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობას მოიაზრებს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 ივნისს აღნიშნა, საქართველო „3+3 ფორმატის“ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდა, როგორც ეს გასული წლების განმავლობაში იყო.

