სახეზე გვაქვს ფაქტი, როდესაც ადამიანები ვერ ეშვებიან “ნაციონალური მოძრაობის” და მიხეილ სააკაშვილის ძაგებას, მათ ვერ ისწავლეს ჭკუა ამ მხრივ – ამ ეტაპზე, “ნაციონალური მოძრაობა” ვრჩებით “პოლიტიკურ ალიანსში”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ფავლენიშვილი იმედოვნებს, რომ “პოლიტიკური ალიანსი” და “ნაციონალური მოძრაობა” არსებული დაპირისპირების გადალახვას შეძლებს.
“რა თქმა უნდა, ჩვენ სახეზე გვაქვს ფაქტი, როდესაც ადამიანები ვერ ეშვებიან “ნაციონალური მოძრაობის” და მიხეილ სააკაშვილის ძაგებას, მათ ვერ ისწავლეს ჭკუა ამ მხრივ და ვერ მიხვდნენ, რომ ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ვერ გახდები მთავარი პოლიტიკური ოპონენტის და მიხეილ სააკაშვილის მუდმივი ლანძღვით, საქმით უნდა გახდე და ეს არის ძალიან სამწუხარო. იმედია, ეს სიტუაცია გამოსწორდება”, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
კითხვაზე, გარიცხეს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” “პოლიტიკური ალიანსიდან”, ფავლენიშვილი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ალიანსში არიან.
“ვართ ახლა, ამ ეტაპზე ვართ.
[“ნაციონალური მოძრაობისა” და სააკაშვილის მიმართ] კონკრეტული ადამიანების არაეთიკურ გამონათქვამებზე მე პასუხისმგებელი ვერ ვიქნები. რაც შეეხება ზოგადად ალიანსში ყოფნას, ამის ტაქტიკური, ძალიან მარტივი მიზეზი არსებობდა. ეს წინააღმდეგობრივ პროტესტში მყოფი ძალების თანამშრომლობის სივრცეა. ამ ეტაპზე ვრჩებით ალიანსში”, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსმა პარტიების აკრძალვის მოთხოვნით, “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზეც ისაუბრა. ფავლენიშვილის თქმით, თუ პარტიების აკრძალვა მოხდება, “ეს გამოცხადება იქნება იმისა, ქვეყანაში დემოკრატია მოკვდა”.
“გასაგებია, რომ ეს ძალა არის აბსოლუტურად დიქტატურული თავის ბუნებით, იმიტომ, რომ თავისივე გათვლებით მილიონამდე ადამიანზე აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ აქტიური საარჩევნო ხმის უფლება და ეს როგორი დიქტატორული ნაბიჯი გახლავთ, გასაგებია. ეს არის “წითელი ხაზი” ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პროტესტს, წინააღმდეგობას. ეს არის ერთადერთი გზა და რეცეპტი ასეთი ტიპის რეჟიმის დამარცხების. იმდენი ხანია ამ დაპირებაზე საუბრობენ, ამ ეტაპზე, მე ზუსტად ვერ გეტყვით, რას, როდის აპირებენ და აპირებენ თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ სანამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული, პოლიტიკური რეპრესიები მიმდინარეობს, უბრალოდ არჩევნებიც იმიტომ ვერ ჩატარდება, რომ ყველა პოლიტიკური ლიდერი ან ტყვეობაშია ან საქმე არის აღძრული, ასეთ პირობებში გაუქმება-არ გაუქმებას უკვე ფორმალური ხასიათი დარჩა. თუმცა საბილოო ჯამში, ეს იქნება გამოცხადება იმისა, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია მოკვდა და აღარ არსებობს’, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა სომხეთში ჩატარებულ არჩევნებზე.
“სომხეთს ჰქონდა ისეთივე მნიშვნელობის არჩევნები, როგორიც იყო 2012 წელს საქართველოში, როდესაც მოდერნიზაციის და დემოკრატიზაციის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ უნდა მიეცათ ხმა. ამ შემთხვევაში, სომხეთმა, როგორც იქაურმა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, სომხეთმა არ გადადგა ის ნაბიჯი, როგორიც საქართველომ და ეს შეცდომა არ დაუშვა და ხმა მისცა დემოკრატიზაციას”, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

