აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“ხელისუფლება ვერ მიიღებს იმ გამარჯვებას, რომელსაც ელოდება, რადგან ინტერვიუების დროს მათი სახეების გამომეტყველებაზეც კი შეიძლებოდა მიხვედრა, რომ საქმე ცუდად მისდით” – სამველ კარაპეტიანი

ხელისუფლება ვერ მიიღებს გამარჯვებას, რომელსაც ელოდება, რადგან ინტერვიუების დროს მათი სახეების გამომეტყველებაზეც კი შეიძლებოდა მიხვედრა, რომ მათი საქმე ცუდად მიდის, – ამის შესახებ ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, სამველ კარაპეტიანმა განაცხადა.

სამველ კარაპეტიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ არჩევნებში გამარჯვების შესახებ გაკეთებული „ნაადრევი“ განცხადებები გააკრიტიკა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, პანიკას არ აჰყვნენ და განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. კარაპეტიანის თქმით, საარჩევნი უბნების 30%-იდან მიღებული მონაცემების საფუძველზე ტრიუმფის გამოცხადება მანიპულაციაა.

მისივე თქმით, პირველი მაჩვენებლები მხოლოდ სოფლების შედეგებს ასახავს, მაშინ როცა ქალაქებში ხმების დათვლის დაწყებისთანავე მმართველი პარტიის შედეგებმა სწრაფად კლება დაიწყო.

ამასთან, სამველ კარაპეტიანმა ყურადღება გაამახვილა დარღვევებზე, რომლებიც, მისი თქმით, დაფიქსირდა როგორც საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას, ისე ბიულეტენების დამუშავებისას.

„მსოფლიო ისტორიაში ჯერ არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ხმების დათვლა შეეჩერებინათ და ეთქვათ, შედეგებს დილით წარმოგიდგენთო. როდესაც დაინახეს, რომ მათი მაჩვენებლები სამარცხვინოდ და წუთიდან წუთამდე მცირდებოდა, უბრალოდ შეწყვიტეს დათვლა“, – განაცხადა „ძლიერი სომხეთის“ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე სამხედრო მოსამსახურეები მიიყვანეს ხელისუფლების სასარგებლოდ ხმის მიცემის ორგანიზების მიზნით.

კარაპეტიანის თქმით, ზუსტი და საბოლოო მონაცემების მიღების შემდეგ ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს და საზოგადოებას არჩევნების შედეგების რეალურ სურათს წარუდგენს.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლებული მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილია ხმების თითქმის 99%, ანუ 1 453 780 ბიულეტენი. წინასწარი შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“, რომელმაც ხმების 49,54% მიიღო. მეორე ადგილზეა ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ – 23,21%-ით, ხოლო მესამე პოზიციას იკავებს ბლოკი „სომხეთი“ – 9,89%-ით.

სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში სტაბილური უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდება, 28 დღეში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს ის ორი პარტია, რომლებმაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.

იტვირთბა....