ლიეტუვის მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მხარი დაუჭირა პოპულისტური პარტიის, „ნემანის განთიადის“ კოალიციური მთავრობის შემადგენლობიდან გარიცხვას.
„მოთმინებას ვიჩენდით, მაგრამ ვხედავთ, რომ „ნემანის განთიადის“ თავმჯდომარე სულ უფრო რადიკალური ხდება, მაშინ როდესაც ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება“, – განუცხადა სინკევიჩიუსმა ჟურნალისტებს სოციალ-დემოკრატების ხელმძღვანელობის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„ნემანის განთიადის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე რემიგიუს ჟემაიტაიტი გასული წლის დეკემბერში ვილნიუსის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ებრაელების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივებაში, რაც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებს უკავშირდებოდა.
ჟემაიტაიტმა უარყო ნებისმიერი დანაშაული, განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და სააპელაციო საჩივარი შეიტანა.
სოციალ-დემოკრატები აცხადებდნენ, რომ აპელაციის განხილვის დასრულებამდე მის პარტიას კოალიციაში დატოვებდნენ, თუმცა მაისში „ნემანის განთიადმა“ ხმა მისცა მთავრობის გეგმის წინააღმდეგ, რომელიც ბელარუსის საზღვართან ახალი სამხედრო პოლიგონების შექმნას ითვალისწინებდა.
ამასთანავე, ფინანსური დანაშაულების საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჟემაიტაიტის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

