რუსეთის მიერ საექსპორტო შეზღუდვების დაწესების შემდეგ ევროკავშირი სომხეთისთვის 50 მილიონ ევროს გამოყოფს – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ფონ დერ ლაიენი სომხეთის პრემიერმინისტრს ტელეფონით ესაუბრა და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. მათ ასევე განიხილეს რუსეთის მიერ სომხეთისთვის დაწესებული შეზღუდვები.
„ეს სხვა არაფერია, თუ არა ეკონომიკური იძულება და ეს მიუღებელია… სომხურ პროდუქციაზე საექსპორტო შეზღუდვების გაფართოებით, მოსკოვი ეკონომიკურ ურთიერთობებს პოლიტიკური ზეწოლის იარაღად აქცევს. ჩვენ ეს სცენარი ძალიან კარგად ვიცით. სწორედ ამიტომ, ევროპა მტკიცედ დგას სომხეთის გვერდით. ევროკავშირის მხარდაჭერის პაკეტი მოიცავს ფინანსურ დახმარებას, რომლის ღირებულებაც 50 მილიონ ევროზე მეტია და ეს მხოლოდ დასაწყისია“ – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკავშირი ასევე დაეხმარება დაზარალებულ სექტორებს, როგორიცაა, სომხური ყვავილების წარმოება, ყვავილების პირველი პარტია კი ლატვიაში ამ კვირაში ჩავა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს სომხური და ევროპული ბიზნესების ერთმანეთთან დაკავშირებას მაისის დასაწყისში ერევანში გამართულ ორმხრივ სამიტზე აღებული ვალდებულებების შესაბამისად.
“სომხეთს აქვს პოტენციალი, გახდეს სტრატეგიული ჰაბი, რომელიც აკავშირებს ევროპას, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ინფრასტრუქტურასა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს რეგიონული კავშირების აღდგენის კვალდაკვალ” – ამბობს ფონ დერ ლაიენი.
მანვე დასძინა, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება ევროკავშირი-სომხეთის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ყველა ამ ინიციატივისა და ნებისმიერი შემდგომი ღონისძიების განხორციელებას.

