გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა აჩვენოს გაფართოებისთვის მზადყოფნა, განსაკუთრებით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების მიმართულებით.
მერცის თქმით, მას ემანუელ მაკრონთან ერთად უკვე მომზადებული აქვს კონკრეტული წინადადება, რომელიც ევროკავშირის გაფართოების შემდეგი ნაბიჯების გამარტივებას ისახავს მიზნად.
„ევროპის ეს ნაწილი გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირს უნდა მიეკუთვნებოდეს. ის ფაქტი, რომ 13 წელია, ახალი წევრი არ მიგვიღია, იმაზეც მიუთითებს, რომ ნაკლოვანებები თავად ევროკავშირშიც არსებობს. სწორედ ამის დაძლევა გვსურს“, – განაცხადა მერცმა მონტენეგროში გამართულ სამიტზე.
გერმანიის კანცლერის შეფასებით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიმდინარე სამიტი, არამედ მიღებული გადაწყვეტილებების პრაქტიკაში განხორციელება ბრიუსელში მომდევნო დღეებსა და კვირებში.
„სამუშაო შესასრულებელია და ზოგიერთი წევრი სახელმწიფო, განსაკუთრებით მასპინძელი ქვეყანა უკვე იმ ეტაპზეა, როდესაც შესაძლებელია, სწრაფად მივიდეთ საერთო შედეგებამდე“, – აღნიშნა მან.

