რუმინეთის ქალაქ კონსტანცას პორტში უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა, რის შემდეგაც პორტიდან სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა. ხელისუფლებამ „წითელი“ საგანგებო გეგმა, მოსახლეობას ტერიტორიის დატოვება ურჩიეს.
წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მედია წერს, რომ დრონი უკრაინული იყო და ათობით კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდა.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხვდა დრონი რუმინეთის პორტში.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მსგავსი საზღვაო დრონები უკრაინაში მიმდინარე ომში გამოიყენება. სამინისტრომ ინციდენტი დაადასტურა და გამოძიება დაიწყო.
კონსტანცას პორტში დრონის აფეთქებას ქვეყნის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ აფეთქების შესახებ იმ დროს აცნობეს, როდესაც მონტენეგროში, ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე მიფრინავდა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
„ამჟამად მიმდინარეობს გარემოებების შესწავლა, როგორ მოხვდა დრონი პორტში და არსებობს თუ არა დამატებითი საფრთხეები. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას უშუალოდ პასუხისმგებელი უწყებები გაავრცელებენ“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, ნიკუშორ დანის თქმით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ხელისუფლება „მაღალი სიფხიზლის რეჟიმს“ შეინარჩუნებს.
„ასეთი განსაკუთრებით მძიმე ინციდენტები არის პირდაპირი შედეგი იმ აგრესიული ომის, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო. როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფო, რომელსაც შავ ზღვაზე გასასვლელი აქვს, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას მოკავშირეებთან და მივიღებთ ყველა აუცილებელ ზომას ჩვენი მოქალაქეებისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად“, – წერს ნიკუშორ დანი სოციალურ ქსელში.

