ურთიერთობა პოზიტიურ რელსებზე უნდა გადავიდეს, ამისთვის ამერიკიდან და საქართველოდან კონკრეტული მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება, – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც ცხადად გამოჩნდა, როგორც მარკო რუბიოს, ასევე მისი მოადგილის განცხადებებიდან.
„მიუხედავად იმისა, რა კონტექსტით დასვამენ კითხვას მავანნი და რა არარსებულ ფაქტებს, სურვილებს, საკუთარ ფანტაზიებს მოიყვანენ კითხვაში, რომ როგორმე ნეგატიური პასუხი გამოსტყუონ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მისი მხრიდან პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა. გაფუჭებული ურთიერთობა იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დამსახურება და ტრაექტორიის შეცვლას საჭიროებს. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობა ტრაექტორიით პოზიტიურ რელსებზე უნდა გადავიდეს და ამისთვის ამერიკიდან და საქართველოდან კონკრეტული მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. ჩვენ სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. ამერიკა მუდმივად ხაზს უსვამს, რომ მისი ახალი პოლიტიკა სწორედ სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობასა და ღირსებაზეა დამოკიდებული. მზად ვართ, ორი ერისთვის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობა ახალი ფურცლიდან და ახალი ნიშნულიდან დავიწყოთ. ჯერი ამერიკაზეა. იმედია, ეს მოცემულობა სიტყვიდან საქმეზე დროულად გადავა, ურთიერთობა გაღრმავდება და ისეთ ნიშნულს მიაღწევს, რომელიც ორი სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის ღირსეული ურთიერთობის წინაპირობა იქნება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

