უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) ზაპოროჟიეში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) აგენტი გამოავლინა, რომელიც საგამოძიებო იზოლატორიდან გაქცევას გეგმავდა – უწყების ცნობით, დაკავებული აპირებდა რუსი კურატორისთვის ეთხოვა, რომ უპილოტო საფრენი აპარატით იმ იზოლატორზე დაერტყათ, სადაც ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.
გამოძიების მიხედვით, მხილებული პირი მობილიზებული უკრაინელი სამხედროა. რუსეთის სპეცსამსახურებმა ის მაშინ გადაიბირეს, როდესაც მან სამხედრო ნაწილი თვითნებურად მიატოვა და მესენჯერებში „იოლი ფულის“ ძებნა დაიწყო. მასზე ФСБ-ს თანამშრომელი გავიდა და თანამშრომლობის სანაცვლოდ ანაზღაურება აღუთქვა.
“უსეთის დავალებით, აგენტი აგროვებდა ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ელიტური ქვედანაყოფის ბაზირების ადგილის შესახებ. რუსები ამ ბაზაზე დრონით დარტყმას გეგმავდნენ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მისი გეგმა წინასწარ გაშიფრა და ბოროტმოქმედი ზუსტად იმ მომენტში დააკავა, როდესაც იგი მტრისთვის ანგარიშს ამზადებდა“ – აცხადებენ SBU-ში.
სწორედ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოხვედრის შემდეგ გადაწყვიტა მან -ს კურატორს დაკავშირებოდა და გაქცევის ახალი გეგმა შეეთავაზებინა. კერძოდ, რუსულ დრონს უნდა დაერტყა იზოლატორის იმ ნაწილისთვის, სადაც მისი საკანი მდებარეობდა. შენობის ნგრევისა და შექმნილი არეულობის დროს კი ის ტერიტორიიდან გაქცევას იმედოვნებდა.
უკრაინის კონტრდაზვერვამ გაქცევის ეს გეგმაც ჩაშალა. დაკავებულს სახელმწიფო ღალატის მუხლით სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

