აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში საქართველოსთან დაკავშირებული ორი შესწორების დამტკიცებას ოპოზიცია და ექსპერტები ვაშინგტონის მკაფიო გზავნილად აფასებენ. მათი თქმით, დოკუმენტი აჩვენებს, რომ აშშ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოში პოლიტიკურ ვითარებას, ასევე რუსეთის, ჩინეთისა და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოების გავლენების საკითხს.
“ამერიკაში ინიცირებული ახალი შესწორება არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იმასთან დაკავშრებით, რომ პირველი, კონრეტული ზომების გარეშე არავითარი ნორმალიზება არ იქნება აშშ-თან, მეორე – ის, რომ რუსული და ჩინური სადაზვერვო გავლენები არის ამერიკული ყურადღების ეპიცენტრში და ამ გავლენების მოკვლევის გარეშე აშშ, რასაკვირველია, თავს არასდროს იგრძნობს კომფორტულად საქართველოსთან, როგორც შესაძლო სტატეგიულ პარტნიორთან და მეგობართან მიმართებით და მესამე, რასაკვრიველია, პოლიტპატიმრების საკითხი. ქვეყანა, რომელსაც ჰყავს პოლიტიკური ტყვეები, არ არის აღქმული როგორც ის სივრცე, რომელთანაც თავდაცვის და სხვა მიმართულებებით შეიძლება ისსეთი გამართული ურთიერთობების ქონა და წარმოება, როგორც ნორმალურ, ადეკვატურ სახელმწიფოებთან. ეს არის კიდევ ერთი ძალიან მკაცრი გზავნილი, რომ ამერიკა არ უყურებს პოლიტიკურ ვითარებას ოცურ ფერებში და ქოცურ ფასად” – ამბობს გრიგოლ გეგელია.
კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული ჩანაწერები მიუთითებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ საკითხი აშშ-ის დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და კონკრეტულ პირობებთან არის დაკავშირებული.
“ჩანაწერი სწორედ მაგას გულისხმობს, რომ თემა არ არის მკვდარი და ვერ მოხდება ვერაფრის გადატვირთვა “ქართულ ოცნებასთან” იმის გარანტიები, იმის სანდოობა თუ არ აქვთ “ქართული ოცნებისგან”, რომ ირანის, ჩინეთის და რუსეთის ინფილტრაცია ამ ქვეყანაში არ არის განეიტრალებული. ქვეყანა, ამ შემთხვევაში “ოცნების” პოლიტიკა, რუსულ-ჩინურ-ირანული გვალენებით საზრდოობს და იმ ქვეყანაშ არიან პოლიტიკური პატიმრები, არის უკვე მნიშნელოვანი სიგნალი, რომ ქვეყანაში არ არსებობს კანონის უზენაესობა, სასამართლო არის პოლიტიზიორებული და შესაბამისად გყავს პოლიტიკური პატიმრები, რაც არის სერიოზული გამოწვევა იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ამერიკას აქვს რეგიონში და შავ ზღვაში და თუნდაც სომხეთში. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საქართველოსთან ურთიერთობები გადაიტვირთოს” – ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის შეფასებით, აშშ-ისთვის ბუნებრივია, რომ პარტნიორი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური კურსი მის ინტერესებთან და პრიორიტეტებთან თანხვედრაში იყოს.
“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რა თქმა უნდა, აშშ-თვის არის ის, რომ მისი საგარეო პოლიტიკა იყოს თანხვედრაში მისი პარტნიორების საგარეო პოლიტიკასთან. ეს აშშ-თვის კი არ არის, ეს არის დიპლომატიის, საგარეო ურთიერთობების ანი-ბანი. როდესაც ვართ მეგობრები, ნუდა გვყავდეს საერთო სამეგობრო წრე, უხეშად რომ ვთქვათ, გადატანითი მნიშვნელობით. ამიტომ ის, რომ აშშ-თვის მნიშვნელოვანია, ვისაც პარტნიორად მოიაზრებს, ის ქვეყნები თანხვედრაში იყოს მის საგარეო საერთაშორისო ურთიერთობებთან და ინტერესებთან, ეს არც ახალია, არც უცხო წესებია დიპლომატიის” – ამბობს ანა ბუჩუკური.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში საქართველოსთან დაკავშირებული ორი შესწორება დაამტკიცა. ერთ-ერთი მათგანი საქართველოში „პოლიტიკურ პატიმრებად“ მოხსენიებული პირების საკითხს ეხება, მეორე კი – საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებას. ინიციატივების ავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. შესწორებები საბოლოოდ ძალაში ჯერ არ შესულა და მათ კონგრესის ორივე პალატისა და აშშ-ის პრეზიდენტის მხარდაჭერა სჭირდება.

