აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ვფიქრობ, მშვენიერი შესაძლებლობაა, დავიწყოთ ურთიერთობების აღდგენა, დადებითი მოლოდინით ველოდები საქართველოს ხელისუფლებასთან მუშაობის გაგრძელებას” – კრისტოფერ ლანდაუ

ვფიქრობ, ეს მშვენიერი შესაძლებლობაა, დავიწყოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების აღდგენა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კრისტოფერ ლანდაუმ განაცხადა აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს  დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.

კრისტოფერ ლანდაუს თქმით, იმედოვნებს, აღნიშნულ ღონისძიებაზე მისი დასწრება ძლიერ გზავნილად აღიქმება.

ამასთან, კრისტოფერ ლანდაუმ განაცხადა, რომ აშშ არასოდეს გადაუხვევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ერთგულებას და განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას საქართველოს გაძლიერების საკითხში.

„გულწრფელად გეტყვით, ეროვნულ დღეებს იშვიათად ვესწრები. უკანასკნელი 15 თვის განმავლობაში, რაც თანამდებობაზე დავინიშნე, სულ სამჯერ დავესწარი მსგავს ღონისძიებას. ამრიგად, როდესაც ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ვესწრები, ეს, ფაქტობრივად, უფრო სიმბოლური დასწრებაა, სიმბოლო ჩვენი სურვილისა, დავათბოთ ურთიერთობები. ვფიქრობ, ეს მშვენიერი შესაძლებლობაა, დავიწყოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების აღდგენა.

ვიმედოვნებ, დღეს ჩემი აქ ყოფნა აღიქმება ძლიერ გზავნილად, რომ ჩვენ გულწრფელად დაინტერესებული ვართ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯბესებით, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ორივე  ქვეყნის ინტერესშია.

ვფიქრობ, თქვენი ჩამოსვლა აქ დღეს ძალიან, ძალიან კარგი ნიშანია და დადებითი მოლოდინით ველოდები თქვენს ხელისუფლებასთან მუშაობის გაგრძელებას. ნება მომეცით, უფრო მკაფიო ვიყო ერთ საკითხთან დაკავშირებით – აშშ არასოდეს გადაუხვევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ერთგულებას და განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას საქართველოს გაძლიერების საკითხში, ქვეყნის განმტკიცების პროცესში, სამომავლო კეთილდღეობისკენ. ვფიქრობთ, აშშ ძალიან ძლიერი მოკავშირე შეიძლება იყოს. ჩვენ გვსურს თქვენ გვერდით ყოფნა“, – განაცხადა კრისტოფერ ლანდაუმ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი.

იტვირთბა....