სახიფათოა ფიქრი, რომ რუსეთისგან გეოგრაფიული დაშორება ქვეყნების უსაფრთხოებას ავტომატურად უზრუნველყოფს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ესპანურ გამოცემა El Mundo-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე მრავალმხრივია და მხოლოდ სამხედრო აგრესიით არ შემოიფარგლება. სიკორსკიმ ამის მაგალითად მოიყვანა პოლონეთი, რომელიც, მისი თქმით, ბელარუსის გავლით მიგრაციული ნაკადების გამოყენებით საზღვრის დესტაბილიზაციასა და დრონებთან დაკავშირებულ ინციდენტებს აწყდება.
„რა თქმა უნდა, გეოგრაფიას მნიშვნელობა აქვს და ბუნებრივია, ესპანეთში რუსეთის საფრთხეს განსხვავებულად აღიქვამენ, ვიდრე პოლონეთში. სახიფათოა ფიქრი, რომ მოსკოვიდან გეოგრაფიული დაშორება პუტინის გეგმებისგან, დეზინფორმაციული კამპანიებისა და სახელმწიფო ტერორიზმისგან, მათ შორის მკვლელობებისა და ევროპის მიწაზე თავდასხმებისგან დაგიცავთ“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სიკორსკის შეფასებით, რუსეთი მილიონობით დოლარს ხარჯავს ევროპული საზოგადოებების პოლარიზებაზე, დაპირისპირებების გაღრმავებასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი ევროპის მოკავშირედ არ უნდა განიხილებოდეს, რადგან, მისი თქმით, პეკინი ევროპის სისუსტეების გამოყენებას ყველა შესაძლო შემთხვევისას ცდილობს.
„ჩინეთი არ შეიძლება, ჩაითვალოს მოკავშირედ. ისინი ცდილობენ ევროპის სისუსტეების გამოყენებას, როდესაც ეს შესაძლებელია. ჩვენი პოზიცია უნდა იყოს მათთან თანამშრომლობა, როდესაც ეს შესაძლებელია. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩინეთთან და არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები, რადგან ისინი ცდილობენ ჩვენი სისუსტეების გამოყენებას თავიანთ სასარგებლოდ“, – განაცხადა სიკორსკიმ.
ამასთან, სიკორსკი ისაუბრა თავდაცვითი ხარჯების ზრდის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ პოლონეთის მიზანია თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 4,8%-ის დახარჯვა.

