აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აშშ-თან უფრო სერიოზული ურთიერთობებისკენ წასვლისთვის ვართ მზად – აქამდე პარტნიორულ ურთიერთობას ინტენსიური გამოხატულება არ ჰქონდა, ახლა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებაზეც დაიწყო საუბარი” – თენგიზ შარმანაშვილი

ქართული მხარე უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ მზად ვართ რეალური, სტრატეგიული პარტნიორობის ნაბიჯების გადასადგმელად – უფრო სერიოზული ურთიერთობებისკენ წასვლისთვის ვართ მზად, ვიდრე აქამდე იყო – აქამდე იყო პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც მეტ-ნაკლებად ქაღალდზე იყო და მას ინტენსიური გამოხატულება არცერთ ეტაპზე არ ჰქონდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა აშშ-ის საელჩოს განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის რესურსი რომ არ არსებობდეს, აშშ ასე ინტენსიურად არ დაიწყებდა ამ ურთიერთობებს ბოლო ხანებში.

„რესურსი რომ არ არსებობდეს, ამერიკა ასე ინტენსიურად არ დაიწყებდა ამ ურთიერთობებს ბოლო ხანებში. ამ ყველაფერს სათავე მისცა ჩვენი პრეზიდენტის ჯერ უბრალო შეხვედრამ საგარეო საქმეთა მინისტრ, ვიცე-პრეზიდენტთან, ერთ-ერთ ღონისძიებაზე. შემდგომში, მარკო რუბიოს სატელეფონო ზარმა პრემიერ-მინისტრთან ბევრი რამ განაპირობა. შემდგომში გადაიდგა კიდევ სხვა ნაბიჯები, სადაც ითქვა, რომ ამერიკის მხრიდან შეიქმნებოდა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც დეტალურად გაივლიდა ყველა ამ საკითხს. პირველ შედეგებს ხედავთ – განცხადება გაკეთდა და მათი ხედვა უკვე დაგვანახეს.

რესურსი არის შემდეგი: ქართული მხარე უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ მზად ვართ რეალური, სტრატეგიული პარტნიორობის ნაბიჯების გადასადგმელად. უფრო სერიოზული ურთიერთობებისკენ წასვლისთვის ვართ მზად, ვიდრე აქამდე იყო. აქამდე იყო პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც მეტ-ნაკლებად ქაღალდზე იყო და მას ინტენსიური გამოხატულება არ ჰქონდა არცერთ ეტაპზე. იყო რაღაც პოლიტიკური მხარდაჭერები და ა.შ., მაგრამ რეალური, ხელშესახები, თუნდაც ეკონომიკის სფეროში, არ იყო.

ახლა უკვე ამ სფეროებზეც, ინვესტიციებზე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებაზეც დაიწყო საუბარი და ეს არ შეიძლება დადებით ემოციებს არ იწვევდეს ნებისმიერ ჩვენგანში”, – განაცხადა შარმანაშვილმა.

კითხვაზე, რომელიც აშშ-ის საელჩოს განცხადების იმ ნაწილს შეეხებოდა, სადაც საუბარი ოპოზიციაზეა, შარმანაშვილმა უპასუხა, რომ მოხარულია, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ სათქმელი ოფიციალურად პირდაპირი მისამართით უთხრა “აქაურ რადიკალებს”, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს გზავნილი იმათ გასაგონადაც იყო “ვინც ამ ხალხს ამ ნაბიჯის [ბოიკოტის] გადადგმისაკენ უბიძგა”.

„თქვენ თვალწინ, სხდომათა დარბაზისკენ ბევრჯერ მაქვს თითი გაშვერილი და აქ 61 კაცი უნდა იჯდეს-თქო. ახლა თვითონ ოპოზიციამაც დაიწყო ამაზე ლაპარაკი, შეცდომა ხომ არ დავუშვით, იქ 61 რომ არ ვსხედვართო – ამას არ ვეუბნებით ამდენი ხანია? ეს შეცდომა მათ დაუშვეს იმთავითვე, როდესაც რევოლუციისკენ აიღეს გეზი და არა იქითკენ რომ მომზადებულიყვნენ. ეტაპობრივია პოლიტიკაში, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით შეეცვალათ და ისინი ამისკენ უნდა წასულიყვნენ. ეს არის ცივილიზებული ქვეყნის არსი და კონსტიტუციაც ამას მოითხოვს – მაგრამ ჩვენთან მოხდა საპირისპირო. არა თუ უკვე არჩეული ადამიანები არ შემოვიდნენ და იგნორირება გაუკეთეს თავის ამომრჩეველს საქართველოს პარლამენტში, იმთავითვე იყვნენ ასე განწყობილი, რომ რაც უნდა მომხდარიყო, უნდა ეთქვათ, რომ ხელისუფლება უკანონოა და მოდი, რევოლუციური გზით გავაგრძელოთ სვლა და ასეც აკეთებდნენ – ამას ხელს უწყობდნენ.

ამის შემდეგ ადგილობრივ არჩევნებში რადიკალების უდიდესმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ არა თუ არჩევნების მერე არ შესულიყვნენ საკრებულოებში, საერთოდ არ მიეღოთ მონაწილეობა. ასეთი განწყობები იყო და ეს გადაწყვეტილებები თბილისში იყო მიღებული? გეუბნებით, რომ არ იყო თბილისში მიღებული. 4 ოქტომბრის აქციის წინ ევროკავშირის წარმომადგენელი, ერთ-ერთი სპიკერი ქალბატონი გამოვიდა, და თქვა მხარს ვუჭერთ 4 ოქტომბერს დამხობის აქციასო. არა თუ უბიძგებდნენ, რომ არჩევნებში ჩაბმულიყვნენ და კონსტიტუციური გზით გადაედგათ ნაბიჯები ხელისუფლებაში სიტუაციის შესაცვლელად, არამედ წინასწარ ხელს უწყობდნენ ამ ყველაფერს.

ასე რომ, ეს შეცდომა დაშვებული იქნა არა აქ, არამედ იმ ხალხისგან, ვისგანაც ეს დაკვეთა მოდიოდა. ახლა ამის აღიარება უჭირთ და ის, რასაც მიუთითებს აშშ ჩვენს ოპოზიციას, ეს იმათთვისაც არის მიმართული, რომ მათაც გაიგონ, რომ შეცდომა დააშვებინეს ამ ხალხს აქ. ასე რომ, აქ სიახლე არაფერი არ არის და მე მიხარია, რომ ეს ამერიკის ადმინისტრაციამ ოფიციალურად და ხმამაღლა უთხრა იმას, ვისაც უთხრა. პირდაპირი მისამართით უთხრა აქაურ რადიკალებს, მაგრამ ეს იმათ გასაგონადაც იყო, დარწმუნებული ვარ, ვინც უბიძგა ამ ხალხს ამ ნაბიჯის გადადგმისაკენ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, 25-28 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტისას, საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დელეგაციის წევრებმა საქართველოს მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, რომ დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა.

ინფორმაციის მიხედვით, შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს.

რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მიერ საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გამოთქმულ მოსაზრებებს, მათი თქმით, პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს.

იტვირთბა....