პარლამენტს კობახიძის წლიური ანგარიში წერილობითი ფორმით უკვე წარედგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ “საქართველოს მთავრობამ საანგარიშო პერიოდში განაგრძო ეფექტიანი, გამჭვირვალე და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო მმართველობის განვითარება”.
ანგარიშში საუბარია ეკონომიკურ ზრდაზე და ნათქვამია, რომ 2025 წელს საქართველო გლობალურად გამორჩეული იყო მაღალი ეკონომიკური ზრდით, რომელმაც 7.5% შეადგინა.
“2025 წელს მშპ-მ გადააჭარბა 100 მილიარდ ლარს, ხოლო მშპ ერთ სულზე 28,235 ლარს – 10,297 დოლარს გაუტოლდა. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულ, 4.7 მლრდ დოლარს მიაღწია. გაგრძელდა ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, რკინიგზისა და რიკოთის მაგისტრალის პროექტები”, – ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, კობახიძე აცხადებს, რომ საქართველო აგრძელებს მრავალვექტორულ თანამშრომლობასა და ევროკავშირთან ჰარმონიზაციას და რომ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მაჩვენებელი 80%-მდეა.
“ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, რაც შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩის 2025 წლის 5 ნოემბრის წერილითაც დადასტურდა, ევროკავშირის ინსტიტუტებმა შეაჩერეს ასოცირების შეთანხმებით, ამავე შეთანხმების განხორციელების ზედამხედველობისა და მონიტორინგის მიზნით დადგენილი, ინსტიტუციური ფორმატების მუშაობა ყველა დონეზე, რაც მნიშვნელოვნად აბრკოლებს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესს.
ევროკომისიის 2023 და 2024 წლების გაფართოების ანგარიშების რეკომენდაციების შესასრულებლად ხორციელდება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის კოორდინაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/123/EC დირექტივასთან.
ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების ეფექტიანი კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 71-ე სხდომის ოქმის საფუძველზე, ფუნქციონირებს სამართლებრივი დაახლოების მონაცემთა ელექტრონული ბაზა, სადაც განთავსებულია ინფორმაცია 600-ზე მეტ სამართლებრივ ვალდებულებაზე, რომლებიც საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმებიდან და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს. ამ ეტაპზე, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მაჩვენებელი 80%-ამდეა.” – ნათქვამია ანგარიშში.
კობახიძე წლიური ანგარიშით პარლამენტში თვის ბოლოს წარსდგება.

