აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტს ირაკლი კობახიძის მიერ წლიური ანგარიში წერილობითი ფორმით უკვე წარედგინა

საქართველოს პარლამენტს ირაკლი კობახიძის მიერ წლიური ანგარიში წერილობითი ფორმით უკვე წარედგინა. მთავრობის ხელმძღვანელი პარლამენტს ანგარიშს თავად ივნისის ბოლომდე წარუდგენს, თარიღი კი, დაკონკრეტდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ საანგარიშო პერიოდში განაგრძო ეფექტიანი, გამჭვირვალე და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო მმართველობის განვითარება. მთავრობის ცნობით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ციფრული მმართველობის, საჯარო სერვისების მოდერნიზაციისა და ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით.

„გაფართოვდა იუსტიციის სახლების ქსელი, MY.GOV.GE-ზე ხელმისაწვდომი გახდა, დაახლოებით 400 სერვისი, ხოლო მიწის სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულმა დაფარვამ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 95%-ს გადააჭარბა. გაგრძელდა საჯარო სამსახურის რეფორმა და რეგიონული განვითარების პროექტები, მათ შორის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავდა ანტიკორუფციული სისტემის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაძლიერებას“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წლის ივნისში შეიქმნა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო უწყებების პროექტების, პროგრამების, სახელმწიფო შესყიდვებისა და საქართველოს მთავრობის დავალებების შესრულების მონიტორინგს.

„მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე. გაძლიერდა სამართალდამცავი სისტემა, კიბერუსაფრთხოება და ანალიტიკაზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა. გაფართოვდა ორგანიზებულ დანაშაულსა და ნარკოტრაფიკთან ბრძოლის შესაძლებლობები, ასევე გაგრძელდა სასაზღვრო უსაფრთხოების, მიგრაციის მართვისა და პენიტენციური სისტემის რეფორმა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არასრულწლოვანთა დაცვის მექანიზმებს. საერთაშორისო შეფასებებით, საქართველო ინარჩუნებს პროგრესს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

წლიურ ანგარიშში საუბარია ეკონომიკურ ზრდაზე და ნათქვამია, რომ 2025 წელს საქართველო გლობალურად გამორჩეული იყო მაღალი ეკონომიკური ზრდით, რომელმაც 7.5% შეადგინა. “2025 წელს მშპ-მ გადააჭარბა 100 მილიარდ ლარს, ხოლო მშპ ერთ სულზე 28,235 ლარს – 10,297 დოლარს გაუტოლდა. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულ, 4.7 მლრდ დოლარს მიაღწია. გაგრძელდა ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, რკინიგზისა და რიკოთის მაგისტრალის პროექტები”, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუაბრია საგარეო პოლიტიკაზეც. აღნიშნულია, რომ საგარეო პოლიტიკაში საქართველო აგრძელებს მრავალვექტორულ თანამშრომლობასა და ევროკავშირთან ჰარმონიზაციას. „პარალელურად, აქტიურად მონაწილეობს რეგიონულ და საერთაშორისო პროექტებში. გაგრძელდა სამშვიდობო პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და ჰუმანიტარული ჩართულობის პროგრამები. თავდაცვის სფეროში მიმდინარეობს გრძელვადიანი ტრანსფორმაცია 2035 წლამდე ხედვით. ვითარდება საჰაერო თავდაცვა, დაზვერვა, საინჟინრო და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობები, ინერგება უპილოტო სისტემები და ძლიერდება თანამედროვე მართვისა და კომუნიკაციის ინფრასტრუქტურა”, – ნათქვამია დოკუმენტში.

იტვირთბა....