პენტაგონის განცხადებით, სივრცე, სადაც ჟურნალისტები წლების განმავლობაში სამხედრო უწყების წარმომადგენლებისგან ინფორმაციას იღებდნენ, შეზღუდული წვდომის ზონად გამოცხადდა.
პენტაგონის მოქმედმა პრესმდივანმა, ჯოელ ვალდესმა განაცხადა, რომ ჟურნალისტებს აღნიშნულ სივრცეში შესვლის უფლება აღარ ექნებათ.
„ჟურნალისტებს აღარ ეძლევათ ამ ოთახში შესვლის უფლება. ამაში არაფერია საკამათო“, – აღნიშნა ვალდესმა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება არ წარმოადგენს მედიისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის მცდელობას.
ვალდესის განცხადებით, პენტაგონი „ისტორიაში ყველაზე გამჭვირვალე თავდაცვის სამინისტროა“ და მედიის კრიტიკა ამ ფაქტს ვერ შეცვლის.
გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პენტაგონის მიერ მედიისთვის დაწესებულმა ახალმა შეზღუდვებმა რამდენიმე მსხვილი საინფორმაციო ორგანიზაციის პროტესტი გამოიწვია. მათ შორისაა The New York Times-ი, რომელმაც ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელი შეიტანა.
როგორც „როიტერი” წერს, პრესცენტრი ათწლეულების განმავლობაში ღია სივრცე იყო, სადაც ჟურნალისტები თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ხვდებოდნენ, ინტერვიუებს ატარებდნენ და შეკითხვებს სვამდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ადგილი არასდროს გამოიყენებოდა საიდუმლო ინფორმაციის განსახილველად.

