რუსეთმა აკრძალა სომხეთიდან ცოცხალი თევზისა და თევზპროდუქციის შეტანა. ახალი შეზღუდვების შესახებ რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურში – „როსსელხოზნადზორში“ განაცხადეს.
უწყების ინფორმაციით, მისმა წარმომადგენლებმა 21-27 მაისს შეამოწმეს სომხეთის თევზის გადამამუშავებელი საწარმოები და მოინახულეს კალმახის მოშენების ფერმები.
როგორც რუსული მხარე აცხადებს, სომხური საწარმოების დაახლოებით 50%-მა შემოწმებაზე უარი განაცხადა.
„ინსპექციის შედეგების საფუძველზე, 2026 წლის 2 ივნისიდან სომხურმა მხარემ უნდა შეაჩეროს ცოცხალი თევზისა და თევზპროდუქციის ვეტერინარული სერტიფიცირება რუსეთის მიმღებებისთვის ყველა სომხური კომპანიის შემთხვევაში, გარდა იმ ორი საწარმოსი, რომლებმაც ინსპექცია გაიარეს, ვიდრე არსებული ვითარება არ დარეგულირდება“, – ნათქვამია „როსსელხოზნადზორის“ განცხადებაში.
რუსეთის ბაზარზე დაშვებული იქნება მხოლოდ იმ ორი საწარმოს თევზი, რომლებმაც შემოწმება წარმატებით გაიარეს და ისიც მხოლოდ უსაფრთხოების მაჩვენებლების ლაბორატორიული მონიტორინგის პირობით.
მაისის ბოლოს „როსსელხოზნადზორმა“ ეტაპობრივად აკრძალა სომხეთიდან რიგი პროდუქციის იმპორტი, მათ შორის ყვავილების, მინერალური წყლის, „ჯერმუკის“, ბოსტნეულის, მწვანილისა და მარწყვის.

