აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
მაკრონის თქმით, გასულ ღამეს ამერიკელ კოლეგასთან ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
„მე მივესალმე მის მიერ გატარებულ გადამჭრელ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმების სწრაფად მისაღწევად. ეს წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესაქმნელად, რომელშიც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე და რომელიც რეგიონში მდგრადი სტაბილიზაციის საფუძველი გახდება. მე განვაცხადე, რომ ჩვენ მზად ვართ, სრულად დავუჭიროთ მხარი ამ ძალისხმევას და სათანადო წვლილი შევიტანოთ მის განხორციელებაში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის საერთაშორისო მისია, რომელიც შევქმენით ბრიტანეთსა და ჩვენს პარტნიორებთან ერთად და რომელიც მზად არის განლაგებისთვის შეთანხმების დადების პირველივე მომენტიდან, რათა ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში თავისი როლი შეიტანოს. ამასთანავე, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება და შესაძლებლობები გამოვიყენოთ უფრო ფართო მოლაპარაკებებში, რომლებიც უნდა დაიწყოს, განსაკუთრებით ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით“, – წერს მაკრონი.
საფრანგეთის ლიდერი ასევე მიესალმა ტრამპის ერთგულებას ლიბანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გაუსვა ცეცხლის მყარი შეწყვეტის აუცილებლობას, ისევე როგორც ლიბანის ხელისუფლებისადმი კოლექტიური მხარდაჭერის მნიშვნელობას.

