დღეს საია იწყებს დავას იმ მნიშვნელოვანი გამოწვევის საპასუხოდ, რომელიც სასამართლო ხელისუფლების მიერ ბავშვის უფლებებზე სამოქალაქო საქმეზე გაჭიანურებულ სამართალწარმოებას შეეხება – ამის შესახებ არასამტავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
ირკვევა, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არასრულწლოვანის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა კონსტიტუციური სარჩელით და სადავოდ გახადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომელიც საქმის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის 14 დღიანი ვადის ათვლას უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას.
განცხადების თანახმად, არასრულწლოვანს, რომლის ინტერესებსაც საია იცავს, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება 2.5 წელია არ ჩაბარებია, იმის მიუხედავად, რომ მოსამართლე ხათუნა ჯინორიას მის მოსამზადებლად 14 დღიანი ვადა ჰქონდა. ამის გამო, მოსარჩელეს ხელი ეშლება საკუთარი უფლებების შემდგომ ინსტანციაში დაცვაში, მაშინ, როდესაც მისი საქმე იშვიათი დაავადების, ფენილკეტონურიის, საკითხს უკავშირდება.
” 1. საქმის ფაქტობრივი გარემოებები:
საია თბილისის საქალაქო სასამართლოს წინაშე იცავს მოსარჩელის, 2014 წელს დაბადებული არასრულწლოვანის ინტერესებს. საიას მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილ სარჩელში მოპასუხედ დასახელებული იყო შპს „ჰერა-2011,“ შპს „მედიკალ სოფტი“ და ამ უკანასკნელის კონტრაქტორი დაწესებულება შპს „ექსპრესდიაგნოსტიკა.“ მოსარჩელე მხარე ამ საქმეში დავობდა იმას, რომ მოპასუხეებმა ახალშობილს არ ჩაუტარეს (სათანადოდ არ ჩაუტარეს) სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიასა და მუკოვისციდოზზე.
ფენილკეტონურია არის დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმში ვერ სინთეზირდება სიცოცხლისათვის აუცილებელი ნივთიერებები მაგალითად, ამინომჟავები. ამის შედეგად გროვდება ფენილადანინის მავნე პროდუქტები. ისინი აზიანებენ ნერვიულ დაბოლოებებს, რაც იწვევს განვითარების შეფერხებას.
ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვები ნორმალურად იზრდებიან, თუ მოხდება დაავადების დროული გამოვლენა და სპეციალური დიეტა დაენიშნება პაციენტს. ეს ამსუბუქებს ასეთი ბავშვების მდგომარეობას და ხელს უწყობს მათ ჩვეულებრივ განვითარებას.
დაბადების შემდეგ, იმის გამო, რომ მშობლებმა არაფერი იცოდნენ ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ და ისინი არავის გაუფრთხილებია, რომ ბავშვს დიეტა ესაჭიროებოდა, მშობლები ბავშვს აჭმევდნენ ყველა იმ საკვებს, რაც ბავშვის ზრდა-განვითარებისათვის ზოგადად არის საჭირო. იმის გამო, რომ ბავშვი არ იყო დიეტურ კვებაზე, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა: ბავშვი ვერ დადიოდა და ასევე ვერ საუბრობდა, ბავშვს დღემდე აქვს განვითარების შეფერხება, იმის გამო, რომ დროულად ვერ მოხდა დაავადების დროული დადგენა და დროული მკურნალობა. დაავადებასთან დაკავშირებული სირთულეები გაგრძელდა 2018 წლის 04 ივლისამდე, სანამ ARCHIMED life-ის მომზადებული სკრინინგის სამედიცინო დასკვნით მშობლებისათვის ცნობილი არ გახდა, რომ ბავშვს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები ფენილკეტონურიაზე. ეს დაავადება უნდა გამოჩენილიყო ბავშვის დაბადებისთანავე ჩატარებულ ანალიზებში, ის რომ სწორად ჩატარებულიყო ან საერთოდ ჩატარებულიყო. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს 2018 წლის 21 აგვისტოს დასკვნაში აღნიშნულია: „ბავშვს აღენიშნება მეტყველებისა და კომუნიკაციის პრობლემები, 4 წლის ასაკში.“
- საქმის სამართლებრივი გარემოებები:
2023 წლის 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საიას სარჩელი: შპს ,,მედიკალ სოფტს“ და შპს „ექსპრესდიაგნოსტიკას“ ბავშვის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მატერიალური ზიანის 2869 ლარის და მორალური ზიანის 30 000 ლარის ანაზღაურება. სარჩელი შპს „ჰერა-2011“-ის წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა. 2024 წლის 02 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიღო განჩინება, რომლითაც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქცია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 ნოემბერის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რაც ეხებოდა შპს ,,მედიკალ სოფტს“ და შპს „ექსპრესდიაგნოსტიკას“ მიერ ბავშვის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით დაკისრებული 2869 ლარის გადახდას. შესაბამისად, შპს ,,მედიკალ სოფტს“ და შპს „ექსპრესდიაგნოსტიკას“ მიერ გადახდილი იქნა აღნიშნული თანხა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა მოპასუხეების მიერ მორალური ზიანის სახით დაკისრებული 30 000 ლარის დაუყოვნებლივ გადახდის შესახებ.
მოსარჩელე ბავშვს ნორმალური განვითარებისათვის სჭირდება დიეტის დაცვა.. შპს „გენეტიკის“ მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ ბავშვს თვეში საშუალოდ, ამ ეტაპზე სჭირდება 1366 ლარის საკვები. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაში თავად გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლე მიუთითებს: „სადავო არც ისაა, რომ ბავშვს, მისი დაავადებიდან გამომდინარე, ესაჭიროება სპეციალური კვება და მხოლოდ სპეციალური ცილის გარეშე საკვები პროდუქტების მოხმარება შეუძლია. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სახელმწიფო დაფინანსების მიღმა, აღნიშნული პროდუქტების შეძენა ყოველთვიურად მნიშვნელოვან დანახარჯებთანაა დაკავშირებული.“ ამგვარად, შპს ,,მედიკალ სოფტს“ და შპს „ექსპრესდიაგნოსტიკას“ ბავშვის სასარგებლოდ გადახდილი 2869 ლარი სრულად ვერ უზრუნველყოფს ბავშვის ყოველთვიურად საჭირო საკვების შეძენას, ხოლო სახელმწიფო სრულად ვერ უზრუნველყოფს ბავშვისათვის ამ საკვების შეძენის დაფინანსებას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა 2023 წლის 30 ნოემბერს. ამის შემდეგ სასამართლოს ჰქონდა 14 დღე დასაბუთებული გადაწყვეტილების (აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილის) მოსამზადებლად. ამის მიუხედავად, მოსამართლე ხათუნა ჯინორიას დღემდე, ორ წელზე მეტი დროის გასვლის მიუხედავად, არ დაუწერია და მხარეებისათვის არ გადაუცია გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი. ამის გამო, მხარეები – ვერც მოსარჩელე და ვერც მოპასუხე – ვერ ასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმისათვის, რომ მხარეებმა იდავონ კომპენსაციის ოდენობაზე.
ფაქტობრივად, საქმე გაჭედილია თბილისის საქალაქო სასამართლოში და ეს უკანასკნელი ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უსაფუძვლოდ აჭიანურებს გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილის მომზადებას და მხარეებისათვის ჩაბარებას, რაც მათ უზღუდავთ შესაძლებლობას, იდავონ საკუთარ უფლებებზე შემდგომ ინსტანციაში. ვინაიდან, საიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული ნორმით: გასაჩივრება შესაძლებელი ხდება გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. ამასთან თუ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში არც ერთმა მხარემ გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელე მიიღებს მორალური ზიანის სახით დაკისრებულ 30 000 ლარს. ეს თანხა კი ბავშვისათვის დიეტური საკვების შეძენას უნდა მოხმარდებოდა.
საიას მიაჩნია, რომ მის მიერ გასაჩივრებული ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს. ამ კონსტიტუციური დებულებით გარანტირებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების უფლება. ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოსარჩელე მხარე ვერ ახორციელებს სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების უფლებას.
ამასთან კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულია საქმის დროული განხილვის უფლება. ის, რომ ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლო არ აბარებს მხარეს დასაბუთებულ დადგენილებას, ესეც არღვევს საქმის დროული განხილვის კონსტიტუციურ უფლებას”- წერს საია.
განცხადების პირველ ნაწილში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველა ბავშვი იმსახურებს ღირსეულ ცხოვრებას, ხარისხიან ჯანდაცვასა და ზრუნვას. ამ პროცესში სახელმწიფო სხვადასხვა ინსტიტუციური მექანიზმით უნდა მონაწილეობდეს.
“დღევანდელ დღეს, პირველ რიგში, კვლავ სოლიდარობას ვუცხადებთ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან არა მხოლოდ დაავადებასთან, არამედ აუცილებელ სამედიცინო მომსახურებასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობისთვის”- წერია მიმართვაში.

