გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი ,,რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში კახა კალაძეზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი მხრიდან დღევანდელი საქართველოს მდგომარეობის მიხედვით არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობაზე საუბარი განსაკუთრებით „ღირებულია“:
“თბილისის მერმა დაწერა, რომ გერმანია იმართება არაფორმალური ოლიგარქიული სტრუქტურის მიერ. ბევრჯერ საჯაროდ მითქვამს, რომ არ არსებობს „დიპ სტეიტი“. ეს გამოგონილი ნარატივია. სიტყვამ მოიტანა და – განსაკუთრებით „ღირებულია“ დღევანდელი საქართველოს გადასახედიდან არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობაზე რომ ლაპარაკობ.” – აცხადებს გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, ვისთან მიდის ასეთი წერილები ევროპაში და ვინ კითხულობს მათ, დიპლომატი პასუხობს:
“ვინ კითხულობს ხოლმე? – ალბათ, ჩემნაირი პროფესიონალები და შესაძლოა, ზოგჯერ, ცხადია, ის შეაღწევს ხოლმე პოლიტიკურ სისტემაშიც – ვიღაც მიაპყრობინებს ხოლმე ქალბატონ ფონ დერ ლაიენს, ბატონ კოშტას და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს ყურადღებას. თუმცა, ვიტყოდი, რომ დიდ ყურადღებას არ იქცევს ხოლმე. ასევე დავძენდი, რომ, ჩემი აზრით, ეს არც არის გათვლილი ევროპის მოსახლეობაზე, ვინაიდან ეს ჩვენთვის ძალიან არადამაჯერებელია. ჩვენ ვიცნობთ ჩვენს ქვეყნებს, ვიცნობთ ჩვენს გამოწვევებს. თუმცა, ვიცით, რომ მთლიანობაში, კარგი ცხოვრება გვაქვს და არც ერთ სხვა კონტინენტზე არ გავცვლით მას. ასე რომ, ეს წერილები გათვლილია შიდა მოხმარებაზე და იმაზე, რომ მეტი მხარდაჭერა შესძინონ ნარატივს საქართველოს მტრით გარემოცვისა და საქართველოს მიმართ ევროკავშირის ავ ზრახვებზე, რაც არ არის სიმართლე.” – ამბობს ფიშერი.
19 მაისს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო, 50 წლიანი პარტნიორობის შემდეგ, გერმანიის ქალაქმა ზაარბრიუკენმა თბილისთან ყველანაირ კონტაქტი შეწყვიტა. ფაქტს გამოეხმაურა კახა კალაძეც, რომელმაც გერმანელი ხალხს “სამძიმარი” გამოუცხადა და ამ გადაწყვეტილებას დიფ სთეითის მორჩილება უწოდა.

