ევროპას აშშ-სგან სამხედრო თანამშრომლობის საკითხზე სიცხადე სჭირდება, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესვერის გენერალურმა ინსპექტორმა, კარსტენ ბროიერმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ევროპა შეიარაღებული ძალების გაძლიერებას მაქსიმალურად სწრაფად ცდილობს, თუმცა ამისთვის დრო და აშშ-ისგან მკაფიო სიგნალებია საჭირო.
ბროიერი გამოეხმაურა აშშ-ის ომის მდივნის, პიტ ჰეგსეტის ბოლო კრიტიკულ განცხადებებს ევროპისა და ნატო-ს მისამართით და აღნიშნა, რომ გერმანიამ თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვნად გაზრდის ვალდებულება უკვე აიღო. მისი თქმით, ბერლინი ნატო-ს მიერ განსაზღვრული მიზნის – თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 3,5%-ის დახარჯვის მიღწევას 2029 წლისთვის გეგმავს, რაც შეთანხმებულ ვადაზე ექვსი წლით ადრეა.
„ყველას გვესმის, რომ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე თავად უნდა ვიზრუნოთ და მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ, მაგრამ საჭირო შესაძლებლობების შექმნას ასე სწრაფად ვერ შევძლებთ“, – განაცხადა ბროიერმა.
მისი თქმით, მთავარი საკითხი აშშ-ის მხრიდან სიცხადეა.
„თუ ისინი საკუთარ ძალებს გაიყვანენ, ჩვენ ეს დანაკლისი უნდა შევავსოთ. ამიტომ ყველაფერი მკაფიო და გამჭვირვალე უნდა იყოს და უნდა არსებობდეს საგზაო რუკა, რომელიც განსაზღვრავს, რა ვადებში მოგვიწევს ამის განხორციელება“, – აღნიშნა გერმანელმა გენერალმა.
მანამდე, სინგაპურში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე, პიტ ჰეგსეტმა ევროპელი მოკავშირეები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ევროპასა და ნატო-ს „რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება“ მოუწევთ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

