აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უფროსმა სიუზან უაილსმა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ურჩია, შეემცირებინა სოციალურ ქსელებში აქტიურობა. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც გამოცემა წერს, ამის მიზეზი ისაა, რომ ვენსი ხშირად შედის პოლემიკაში კრიტიკოსებთან სოციალურ ქსელში, რაც მისი თანამდებობისთვის შეუფერებლად მიიჩნევა.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრების დროს ჯეი დი ვენსი ხშირად ათვალიერებს ტელეფონს და სოციალური ქსელებით სარგებლობს.
ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჯეი დი ვენსმა ახლახან დაადასტურა, რომ მარხვის პერიოდისთვის X-ის აპლიკაცია ტელეფონიდან წაშალა და ამ დრომდე არ დაუყენებია.
„ნიუ იორკ თაიმსის“ მასალაში აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპს, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, ვინ უნდა გახდეს მისი შემცვლელი 2028 წლის არჩევნებისთვის. ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, თანაშემწეებთან და მოკავშირეებთან საუბრებში დონალდ ტრამპი ხშირად სვამს კითხვას, არის თუ არა ჯეი დი ვენსი მზად ამ როლისთვის.

