აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტთან სინქრონიზაციის ფარგლებში უკრაინამ დამატებით რუსეთის 16 მოქალაქესა და 31 კომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ორ განკარგულებას, რომლითაც ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება ევროკავშირის სანქციებთან სინქრონიზაციის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტთან შესაბამისობაში მოყვანილი შეზღუდვები 120 ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს. მათი ნაწილი უკვე იყო უკრაინის სასანქციო სიაში, ხოლო ახალი გადაწყვეტილებით შეზღუდვები დამატებით რუსეთის 16 მოქალაქესა და 31 კომპანიას შეეხო.

აღნიშნული კომპანიები რუსეთში, ბელარუსში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან რეგისტრირებულები.

ფიზიკურ პირებს შორის არიან რუსული სტრატეგიული საწარმოების, სახელმწიფო დაწესებულებებისა და სამხედრო ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, ასევე პირები, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან. სანქციების სიაში ასევე მოხვდნენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები, რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების, პროგრამული უზრუნველყოფისა და დრონების კომპონენტების მწარმოებლები, ასევე ნავთობის, გაზისა და ოქროს მომპოვებელი კომპანიები.

კერძოდ, სანქციები დაუწესდა რუსულ კომპანია „ატლანტ აეროს“ (Atlant Aero), რომელიც დრონების კომპონენტებს აწარმოებს, ასევე კომპანია „ირზ-სვიაზს“ (IRZ-Svyaz), რომელიც უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების კომპონენტების წარმოებით არის დაკავებული.

იტვირთბა....