პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაამტკიცა, რომ უკრაინა თავისი მენტალიტეტით, რომელიც „უკრაინის მეამბოხეების არმიის“ ბანდიტებსა და მკვლელებს განადიდებს, არ არის მზად, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა.
როგორც პოლონური მედია წერს, 1943 წლის ივლისში „უკრაინის მეამბოხეთა არმიამ“ კოორდინირებული თავდასხმა განახორციელა პოლონელებით დასახლებულ დაახლოებით 150 ქალაქზე, რომლებიც მდებარეობდნენ ყოფილი ვოლინის სავოევოდოს, კერძოდ კი ვოლოდიმირის, ჰოროხოვის, კოველისა და ლუცკის ოლქებში, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე; ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით კი, ერთ-ერთ სამხედრო დანაყოფს „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირები“ ეწოდა. ზელენსკის თქმით, „ეს გააკეთა ეროვნული არმიის ისტორიული ტრადიციების აღსადგენად“. პოლონური მედია შენიშნავს, რომ „უკრაინის მეამბოხეების არმია“ პასუხისმგებელი იყო ვოლინის პოლონური მოსახლეობის განადგურებაზე.
ნავროცკის შეფასებით, ზელენსკის ეს გადაწყვეტილება რუსული პროპაგანდისთვის საუკეთესო მასალაა.
„უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინული დანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირების“ წოდებით, რუსული პროპაგანდისთვის საუკეთესო მასალა და დიდი რაოდენობით ჟანგბადი უზრუნველყო. მე ამ გადაწყვეტილების მიმართ ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი. ეს არის იმის დასტურიც, რომ ვინც ამბობდა, უკრაინა ევროკავშირში ყოველგვარი მოლოდინების გარეშე უნდა გაწევრიანებულიყო, ძალიან ცდებოდა“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
პოლონური მედიის თანახმად, კაროლ ნავროცკის სურს, უკრაინის პრეზიდენტს პოლონეთს უმაღლესი ჯილდო, თეთრი არწივის ორდენი ჩამოართვას, რომელიც მას 2023 წელს პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ მიანიჭა.
როგორც პოლონური მედია აღნიშნავს, პოლონეთსა და უკრაინას წლების განმავლობაში განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ ნაციონალისტების და მეამბოხეების საქმიანობის შეფასებაზე. პოლონეთისთვის ვოლინის მოვლენები გენოციდს წარმოადგენდა, უკრაინელებისთვის კი – სიმეტრიული შეიარაღებული კონფლიქტის შედეგს, რომელშიც ორივე მხარე თანაბრად იყო პასუხისმგებელი. გარდა ამისა, უკრაინელები „უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციას“ და „უკრაინის მეამბოხეთა არმიას“ ზოგადად ანტისაბჭოთა ორგანიზაციებად აღიქვამენ და არა ანტიპოლონურად.

