რა არის სისტემური დანაშაული, შეგიძლიათ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში აღმოაჩინოთ. წინა ხელისუფლების დროს არა მხოლოდ ძალადობრივ ფაქტებთან გვქონდა საქმე, არამედ შემდეგ, გამოძიების დროს ფაქტების გაყალბება ხდებოდა, – ამის შესახებ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაიკითხონ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 460-გვერდიანი დასკვნა და კარგად მიხვდებიან, სისტემური დანაშაული რა არის.
„დასკვნაში უამრავი მასალაა, რომელიც ქართული და საერთაშორისო სასამართლოების მიერ არის დადასტურებული, რომ მას შემდეგ, რაც ქუჩაში მკვლელობა მოხდებოდა, ადგილზე იარაღის მიტანა ხდებოდა, თითქოს ეს პირები სამართალდამცავებს შეუიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდნენ და იარაღის გამოყენება ამიტომ დასჭირდათ. ეს ფაქტები თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ახსოვთ, ან პარტიაში ახალი თაობის ხალხია მისული, დასკვნა 460-გვერდია, გადაიკითხონ და კარგად მიხვდებიან, სისტემური დანაშაული რა არის.
რაც შეეხება გორის ფაქტს, ჩემს თავსაც ვეუბნები, ვინმე თუ ვერ დარწმუნდა, რომ არც ერთი დანაშაული შეუმჩნეველი არ დარჩება და ადრე თუ გვიან პასუხს მოითხოვენ, მაშინ შეუძლიათ, უკანონო ქმედებები გააგრძელონ. ასეთი ადამიანები ციხის კარამდე რომ მივლენ, შემდეგ ხომ დარწმუნდებიან? არავის მივცემთ საშუალებას, სამართალდამცავებს სიყალბე დააბრალონ და ჩირქი მოსცხონ. კანონიერ ქმედებაში მათი დამცველები ვიქნებით, მაგრამ მათ ხელს არავინ დააფარებს, თუ ძალადობრივ დანაშაულზე ხელი წაუცდებათ. ჩვენგან კანონიერ ქმედებაში დაცულები იქნებიან, მაგრამ უკანონო ქმედების დროს დაუცველები იქნებიან“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

