განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უნივერსიტეტების მიერ წარდგენილი 600 საბაკალავრო პროგრამიდან, 300 განაცხადის შესაბამისობა სამწლიან პროგრამაზე გადასვლასთან დაკავშირებით დადასტურებულია.
როგორც მან პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას აღნიშნა, დარჩენილი განაცხადების შესწავლის პროცესი მიმდინარეობს.
რაც შეეხება მაგისტრატურის საფეხურს, მინისტრის ინფორმაციით, უნივერსიტეტებს ანგარიშების წარდგენა 1-ელ ივლისამდე შეუძლიათ.
„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურ კომუნიკაციაშია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები პროგრამების მოდიფიცირების შესახებ ანგარიშს წარუდგენენ ცენტრს. საბაკალავრო პროგრამებზე ანგარიშის წარმოდგენა დასრულდა პირველ მაისს და მიმდინარეობს ცენტრის მიერ პროგრამების გადამოწმება. დღეის მდგომარეობით, წარდგენილი 600 საბაკალავრო პროგრამიდან ცენტრის მიერ უკვე დადასტურებულია 300 პროგრამის სამწლიან პროგრამაზე გადასვლის შესაბამისობა. აღნიშნული პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და დასრულდება მიმდინარე წლის პირველ სექტემბრამდე.
რაც შეეხება მაგისტრატურის საფეხურს, უნივერსიტეტებს პირველ ივლისამდე აქვთ ანგარიშების წარდგენის ვადა 1+1 მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით. უნივერსიტეტები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და გეგმავენ ანგარიშების წარმოდგენას“,- განაცხადა მიქანაძემ.

