უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაფუჭების ავტორი, ინიციატორი და შემოქმედი „ქართული ოცნებაა“. ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი ეპითეტებით მოიხსენიებდა უკრაინის ხელისუფლებას. კარგად გვახსოვს შეურაცხმყოფელი რიტორიკა, ნაცვლად იმისა, რომ ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება გაემხნევებინა, დაეცვა და მათი მხარდამჭერი განცხადებები გაევრცელებინა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მისასალმებელია, თუ საქართველო-უკრაინას ურთიერთობები თუ ნორმალიზდება.
„გასაგებია, რომ იყო გარკვეული საერთაშორისო რეზოლუციები, რასაც საქართველო შეუერთდა. ეს უნდა ვაღიაროთ და აღვნიშნოთ. მისასალმებელია, თუ საქართველო-უკრაინას ურთიერთობები ნორმალიზდება. უნდა გავიხსენოთ, რომ იყო „ასოცირებული ტრიო“ მოლდოვასთან ერთად, სადაც საქართველო იყო ლიდერი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ტრიოში დღეს საქართველო საერთოდ აღარ მოიაზრება. უკრაინა და მოლდოვა აგრძელებენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, უკვე მოლაპარაკებების სტადიაზე არიან გადასული, საქართველომ კი, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ 26 მაისს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აფასებს ეუთო-ს შვეიცარიის თავმჯდომარეობისა და უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის საქართველოს თავმჯდომარეობის სწრაფ რეაგირებას ვენაში სპეციალური შეხვედრის მოწვევის მიზნით. „მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, იგნასიო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის მათი ლიდერობისთვის, ასევე – ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომლებიც დღეს მკაფიოდ გამოვიდნენ გაერო-ს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დასაცავად“, – დაწერა ანდრეი სიბიგამ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას. ჩვენ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების იმედი გვაქვს. უკრაინა მზად არის, ამ მიმართულებით იაროს“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
ასევე, ანდრეი სიბიგამ ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას უკრაინისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში უკრაინის ინიციატივების მიმართ და ვადასტურებთ პატივისცემას ათასობით ეთნიკური ქართველისა და საქართველოს მოქალაქის მიმართ, რომლებიც უკრაინელების მხარდამხარ, იარაღით ხელში იცავენ უკრაინის დამოუკიდებლობას და ჩვენს საერთო უსაფრთხოებას“, – აღნიშნავს სიბიგა წერილში.

