ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ომის განახლება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ისლამური რესპუბლიკა ნებისმიერი თავდასხმისთვის მზადაა, – ინფორმაციას The Guardian-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ომის ალბათობა, მტრის სისუსტის გამო, დაბალია – შეიარაღებული ძალები სავსე მჭიდებით არიან ჩასაფრებულები“, – განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების პოლიტიკური ხელმძღვანელის მოადგილემ მოჰამედ აკბარზადემ.
შეგახსენებთ, გუშინ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-მა ჰორმოზგანის რეგიონში, ჰორმუზის სრუტესთან ახლოს განხორციელებული დარტყმებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია და თეირანი ამას უპასუხებს. მანამდე, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ირანის სამხრეთ ნაწილზე ახალი დარტყმები განახორციელეს. მათი განმარტებით, დარტყმების სამიზნე იყო ირანის სარაკეტო ბაზები და ნავები, რომლებიც ნაღმების განთავსებას ცდილობდნენ. აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირწმუნება, რომ დარტყმები თავდაცვის მიზნით განხორციელდა და მიზნად ისახავდა აშშ-ის ჯარების დაცვას ირანის ძალების მიერ შექმნილი საფრთხისგან.

