აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი წინასწარ არის დაწერილი, ამიტომ დღეს შეეძლო მოსამართლეს გამოცხადება, მაგრამ ადამიანობაა დაკარგული – ამას უნდა დავუპირისპიროთ სიკეთე და სიყვარული, 26 მაისს გელოდებით ყველას” – გიორგი ვაშაძე

„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას ბრალდების საქმეზე მოსამართლეს შეეძლო დღესვე გამოეცხადებინა გადაწყვეტილება, „მაგრამ ადამიანობაა დაკარგული”.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, განაჩენი, რომელიც ხვალ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ უნდა გამოაცხადოს, „წინასწარ არის დაწერილი”.

„არაადამიანობაა, ადამიანობა არის დაკარგული, პირდაპირ ვთქვათ. ამ შემთხვევაში, მარტო უსამართლობასთან არ გვაქვს საქმე. დღეს შეეძლო გამოეცხადებინა, ვიცით, რომ წინასწარ დაწერილია ეს განაჩენი, ასე იქნება, თუ ისე იქნება, მაგრამ ადამიანობაა დაკარგული. აი, ამ არაადამიანობას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ სიკეთე, სიყვარული, 26 მაისს უნდა შევიკრიბოთ, რაც შეიძლება ბევრი იმისთვის, რომ ასეთი უსამართლობები არ ხდებოდეს. გვერდზე ოთახში კიდევ 12 განსასჯელი [4 ოქტომბრის საქმეზე] იჯდა სკამზე და რის გამო, იმიტომ, რომ სამშობლო უყვართ? ლევანის საქმეში რომ მტკიცებულება არ არის, ეს საქვეყნოდ ყველამ იცის. ჩვენს საქმეებშიც რა არის – ტელევიზიით ვსაუბრობ, ჩემს მოსაზრებაზე, რა უნდა გაკეთდეს და ამის გამო ციხეში უნდათ, რომ ხალხი ჩასვან. ეს არის უსამართლობა.

ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ ეს უსამართლობა დამარცხდება მაშინ, როცა ერთ მუშტად შეიკვრება ქართველი ერი. 26 მაისს, 19:00 საათზე, უნივერსიტეტიდან მსვლელობა იქნება რუსთაველისკენ, გელოდებით ყველას“,- აცხადებს ვაშაძე.

მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას საქმეზე განაჩენი ხვალ, 21 მაისს, 14:00 საათზე გამოცხადდება.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.

იხილეთ ვრცლად…

იტვირთბა....