ევრობიუროკრატები ნებისმიერ გადაცდომაზე თვალს ხუჭავენ, როცა საქმე ევროკავშირის ქვეყნებს ეხება, საქართველოს შემთხვევაში კი, ოდნავ რაღაც რომ შენიშნონ, ათობით რეზოლუციას გამოაცხობენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
შარმანაშვილის თქმით, ევროპამ ხმამაღლა უნდა თქვას, მართლა საით მიდის.
„საქართველოს შემთხვევაში, 30 წუთიც არ დააყოვნებენ ხოლმე და უკუსვლაზე ლაპარაკობენ. საქართველოში აქციების მიმდინარეობისას ძალადობის კასკადი იყო. პოლიციის მხრიდან გადაცდომა მაშინ ხდებოდა, როცა მოლოტოვის კოქტეილებს, მაშხალებს და ქვებს ისროდნენ. კოპენჰაგენში კი ვნახეთ, რომ ეს ადამიანები იატაკზე ისხდნენ და წინააღმდეგობას არ უწევდნენ. მით უმეტეს, მაშხალები არ ჰქონდათ. მათ ასეთი სასტიკი ფორმით გაუსწორდნენ, მაგრამ დანიისთვის ამის თაობაზე ერთი შენიშვნა არ მიუციათ. რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა სკეპტიციზმს აჩენს და ევრობიუროკრატიამ საჯაროდ უნდა განაცხადოს, როგორი დამოკიდებულება აქვს. პრემიერ-მინისტრის მხრიდან ეს მიმართვა სწორი და დროული იყო. ევრობიუროკრატები ნებისმიერ გადაცდომაზე თვალს ხუჭავენ, როცა ეს ევროკავშირის ქვეყნებს ეხება, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, ოდნავ რაღაც რომ შენიშნონ, ევროპარლამენტი ათობით რეზოლუციას გამოაცხობს. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ევროკავშირში ღირებულებითი ერთობა ჯერ კიდევ არის და ის რაც დეკლარირებული ღირებულებაა, რეალურად სრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მასობრივ სკეპიციზმს გამოიწვევს, რომ ევროპა რაღაცის დეკლარირებას ახდენს და შემდეგ საპირისპიროდ მოძრაობს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

