ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ სიძულვილს, რათა გაერთიანდეს ჩვენი საზოგადოება. საზოგადოების ერთიანობა არის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა ჩვენთვის და ამას სჭირდება შესაბამისი მექანიზმები, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქვეყანაში პოლარიზაციის ხელოვნურად თავს მოხვევის მცდელობაა და ეს მცდელობა დიდწილად წარმატებულიც არის.
„ვაკვირდებით ბოლოდროინდელ მოვლენებს, ბოლო წლების მოვლენებს, როგორ ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. ყველა ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის ხელოვნურად თავს მოხვევის მცდელობაა და, სამწუხაროდ, ეს მცდელობა დიდწილად წარმატებულიც არის. ხდება სიძულვილის დათესვა. ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, ასეთ ტენდენციებს ვხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში, მრავალ ქვეყანაში, სადაც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის საფუძველზე ცდილობენ, მაქსიმალურად დათესონ სიძულვილი საზოგადოებებში. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ. ეს არის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა. უნდა დავუპირისპირდეთ სიძულვილს, რათა გაერთიანდეს ჩვენი საზოგადოება. საზოგადოების ერთიანობა არის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა და ამას შესაბამისი მექანიზმები სჭირდება. იცით, რომ ამოქმედდა კანონმდებლობა, რომელიც სწორედ რომ სიძულვილის ენას და სიძულვილის დათესვას უპირისპირდება. ამასთან ერთად საჭიროა აღსრულების ეფექტიანი მექანიზმებიც. ზუსტად ამას ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო სამმართველოს ჩამოყალიბება, რომელიც შესაბამის პროცესებს გააკონტროლებს და სიძულვილის დათესვის ნებისმიერ მცდელობაზე სახელმწიფოს ეფექტიან რეაგირებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ფუნქციაც იქნება საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიების, აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება.

