ახალი ამბები მთავარი

მართლმადიდებლური სამყარო დიდ შაბათს აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებლური სამყარო დიდ შაბათს, ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს.

დედებმა, რომლებიც მაცხოვრის დაკრძალვას ესწრებოდნენ, მოამზადეს ნელსაცხებელი, რათა მეორე დღეს იესოს სხეულისათვის წაეცხოთ. მღვდელმთავრები კი პილატესთან მივიდნენ და სთხოვეს, საფლავთან გუშაგნი დაეყენებინათ, რათა  მოწაფეებს მისი გვამი არ მოეპარათ და ხალხისთვის არ ეთქვათ,  – აღდგაო.

ძველი აღთქმის შაბათი, რომლის დაცვა განსაკუთრებული სიმკაცრით მოეთხოვებოდათ იუდეველებს, წინარესახე იყო ამ მადლმოსილი შაბათისა. მაგრამ ეს ღვთივნაკურთხი სიმშვიდე არ ეთანადება უქმად ყოფნას. ეკლესია ამ დღეს მოუწოდებს მორწმუნე მრევლს, დასთმონ ამაო ფაციფუცი, დაივიწყონ თავი თვისი და ყველა აზრი და გრძნობა მიუძღვნან აღდგომის დიადი სასწაულის მოლოდინს.

ამ დღის მსახურება განსაკუთრებული პოეტურობითა და საღვთისმეტყველო სიღრმით არის აღბეჭდილი, რომელიც ხსნის ადამიანის ცხონების საიდუმლოს. მთავარი თემაა ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლა.  ადამის ცოდვამ გაამრუდა ადამიანის ბუნება და  გახადა იგი მოკვდავი. სიკვდილი – ცოდვის შედეგია. შესაბამისად, ის არე,  სადაც ხვდებოდნენ გარდაცვლილთა სულები, ბოროტების ტყვეობაში იყო. ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლამდე იქ ხვდებოდნენ მართალთა სულებიც.

როდესაც იესო ქრისტეს სხეული საფლავში ესვენა, მისი სული ჩავიდა ჯოჯოხეთში და აცნობა გარდაცვლილთა სულებს თავისი გამარჯვება სიკვდილზე, გადმოიყვანა იქიდან სამოთხეში ის სულები, რომლებიც იმედით ელოდნენ მის მოსვლას.

იტვირთბა....