გაერო-ში ირანის მისია აშშ-ს გაერო-ს რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით „ყალბი სურათის“ შექმნაში ადანაშაულებს.
მათივე თქმით, ვაშინგტონის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის პროექტი „პოლიტიკურად მოტივირებული და ცალმხრივია“.
ამავდროულად, ირანის მისია აშშ-სა და მის მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ მათ პასუხისმგებლობისგან ვერანაირი პოლიტიკური საბაბი თუ დიპლომატიური საფარი ვერ დაიცავს.
„ახლა უკვე სრულიად ნათელია, რომ აშშ ცდილობს გამოიყენოს თავისი პოლიტიკურად მოტივირებული და ცალმხრივი რეზოლუციის პროექტის ე.წ. თანასპონსორების რაოდენობა, რათა შექმნას მისი მიმდინარე უკანონო ქმედებებისთვის „ფართო საერთაშორისო მხარდაჭერის“ ცრუ სურათი და გზა გაუხსნას რეგიონში შემდგომ სამხედრო ავანტიურიზმს. აშშ რაიმე ახალ ესკალაციას თუ გამოიწვევს, ყველა თანასპონსორი სახელმწიფო ვაშინგტონთან ერთად გაიზიარებს საერთაშორისო პასუხისმგებლობას შედეგებზე. ვერანაირი პოლიტიკური საბაბი ან დიპლომატიური საფარი ვერ ათავისუფლებს მათ აშშ-ის აგრესიის ხელშეწყობისა და ლეგიტიმაციის პასუხისმგებლობისგან“, – აცხადებს გაერო-ში ირანის მისია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონის მიერ შეთავაზებული რეზოლუცია ირანისგან მოითხოვს, თეირანმა ჰორმუზის სრუტეში თავდასხმები შეწყვიტოს. რეზოლუციას მხარს უჭერენ ქუვეითი, კატარი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

