ევროპას არ უწევს არჩევანის გაკეთება უსაფრთხოებასა და დემოკრატიას შორის. მას ეს არასდროს გაუკეთებია და არც შეიძლება ახლა დაიწყოს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც მან ევროპის საბჭოს 46 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს მინისტრთა კიშინიოვში, კომიტეტის ყოველწლიურ სხდომაზე წარუდგინა.
ანგარიშში, სახელწოდებით „ევროპის ახალი დემოკრატიული პაქტი რღვევის ეპოქაში“, ალენ ბერსე გამოდის მოწოდებით, შეიქმნას ისეთი სამართლებრივი და დემოკრატიული ჩარჩო, რომელზეც ევროპის მდგრადი უსაფრთხოება იქნება დამოკიდებული და ასევე აღდგეს ინსტიტუტების მიმართ ხალხის ნდობა.
„რადგან ევროპა ცივი ომის შემდეგ უპრეცედენტო მასშტაბით ხელახლა იარაღდება, ჩვენ უნდა ვიკითხოთ, რას ვიცავთ სინამდვილეში და იქნება თუ არა მხოლოდ ძალა საკმარისი. სწორედ აქ აკლია ევროპის ამჟამინდელი უსაფრთხოების მოდელი და აქედან უნდა დაიწყოს დემოკრატიული უსაფრთხოება“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ალენ ბერსე ხაზს უსვამს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისა და სხვა საერთაშორისო კრიზისების შედეგად მიყენებულ ზიანს.
„ყოველი უპასუხოდ დატოვებული მუქარა ან ძალის გამოყენება საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს უფსკრულის პირს კიდევ უფრო აახლოებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.
მისი თქმით, უცხოური ინფორმაციის მანიპულირება და ჩარევა, დემოკრატიული სისტემებისადმი ნდობის ეროზიასთან ერთად, ძირს უთხრის როგორც კანონის უზენაესობას, ასევე სოციალურ სტაბილურობას და ევროპულ დემოკრატიებს შიგნიდან უქმნის საფრთხეს.

